სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივებს შესაბამის ტესტირებას უტარებენ.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტირება როგორც კოვიდ ინფექციაზე, ასევე C ჰეპატიტზეც ჩაუტარდებათ.
,,გადავწყვიტეთ ჩავატაროთ გაფართოებული ტესტირება, იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. დაახლოებით სამას ადამიანს ავუღებთ ნიმუშს”,–განაცხადა კაპანაძემ.
კორონავირუსი სოფელ ჩუმლაყში ერთ- ერთ სამაცივრე მეურნეობაში მყოფ პირს გუშინ დაუდასტურდა.
ინფიცირებული პირი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან საქართველოში ,29 ივნისს , ატმის შესაძენად ჩამოვიდა.
მას ინფექცია მხოლოდ მეოთხედ ჩატარებულმა კვლევამ დაუდასტურა. ახალგაზრდა მამაკაცს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.