ახალი ამბებისტატიები

როგორი რთველი იქნება კახეთში

მალე შემოდგომა მოვა -კახელი მევენახეებისთვის უმნიშვნელოვანესი დრო, ყურძნის მოსავლის დაბინავების ფინალური ეტაპი. რამდენად მზადაა რეგიონი, რომ ადგილობრივი ფერმერების შრომა შესაბამისად შეფასდეს?

როგორი იქნება რთველი კახეთში?- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე , როდესაც ღვინის იმპორტი და ტურიზმი შეჩერებულია, რთული არ არის.

,,კოვიდ-19“-ის გამოწვევებსა და პანდემიის ახალ წესებში ადგილობრივი მევენახეები ნაკლებად ერკვევიან, თუმცა ის დანამდვილებით იციან, რომ ყურძენზე დაწესებული ფასი მთელი წლის განმავლობაში ვაზის მოვლაზე გაწეულ შრომას ვერ ანაზღაურებს.

ნუგზარ იობაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ვენახის მოვლას ,,დიდი ჯაფა“ სჭირდება, შედეგი კი, გლეხებისთვის არაფრის მომცემია.

,,ვაზის მოვლას ბევრი შრომა სჭირდება: გასხვლა, რემონტი, გაფურჩქვვნა, შეწამვლა… შხამქიმიკატები ძვირია, ყველაფერს საწვავის ფასიც ემატება. გასულ წელს 1 კგ თეთრი ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრი იყო, რაც ძალიან ცოტაა. 1 ლარი მაინც იყოს თეთრი და შავი ყურძენი-ლარნახევარი, მაშინ ცოტა მაინც რამე გამოვიდოდა და საწვალებლად ეღირებოდა“,-განუცხადა knew-ს ნუგზარ იობაშვილმა.

,,ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მევენახეების პრობლემებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და ბიძინა ივანიშვილს მის მიერვე საჯაროდ გაკეთებულ დაპირებას ახსენებს. ნიკოლოზ ვარდოშვილი ამბობს, რომ ყურძნის ფასთან დაკავშირებით გაკეთებული ეს დაპირება ისეთივე ტყუილი იყო, როგორც სხვა დანარჩენი.

,,როდესაც ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, პირადად ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ სირცხვილია კახელი გლეხის შრომა 1 ლარი ღირდესო. ამბობდა, რომ 1 ლარი ცოტაა გლეხისთვისო და გასულ წელს ყურძნის ფასი 60-70 თეთრი ღირდა. აი, ასე შეასრულა ივანიშვილმა ეს დაპირება, როგორც სხვა დანარჩენი დაპირებები.

წელს ხელისუფლებას სურს კვლავ დაუშვას სუბსიდია, მაგრამ ეს მხოლოდდამხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ბიძინა ივანიშვილი ყველანაორად შეეცდება, დაწყებული კახელი გლეხიდან-ნებისმიერი მოქალაქით დამთავრებული, ყველა მოქრთამოს. ჩვენ ვნახეთ უკვე კარტოფილის და ხახვის თანხლებით ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები.

მე მინდა ვუთხრა კახელ გლეხებს: ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ქვეყნის დანგრევას და რადგან კახეთში ვართ, აქედან გამომდინარე, -ვაზის გაჩეხვას და აოხრებას“,-ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი.

წელს რთველი, ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კახეთში რომ რთული იქნება, ამას ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორიც ადასტურებს.

ლევან მუხუზლას განცხადებით, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა 2 წლის შემდეგ რთველის პროცესში სუბსიდიას აბრუნებს:

,,იქიდან გამომდინარე, რაც ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, მთელ მსოფლიოში ( ვგულისხმობ პანდემიას), მკვეთრადაა შემცირებული იმპორტი, კერძოდ, 10-12 პროცენტით, 5 თვის მონაცემებით. ამას ემატება შეჩერებული ტურიზმის გამო ადგილობრივი გაყიდვების შემცირება. ის ღვინო, რომელიც ტურისტებზე იყიდებოდა, თითქმის საერთოდ აღარ იყიდება, იქიდან გამომინარე, რომ მოთხოვნა არის შემცირებული, თავისთავად.

იმ მთავარ კომპონენტზეც აღარაა მოთხოვნა, ღვინის დასამზადებლად რაცაა საჭირო და ეს არის ყურძენი. შარშანდელი და შარშანწინდელი რთველის პერიპეტიებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ წელს რთველზე, 2 წლის შემდეგ, დავაბრუნოთ სუბსიდია, მხოლოდ თეთრი ყურძნის კომპონენტში. ეს არის ,,რქაწითეწლი“ და ,,კახური მწვანე“.

ამისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, ფერმერებთან. ამ მოლოდინებს ყოველდღიურად ვსწავლობთ. ასევე, ველით პირველი ნახევარი წლის შედეგებს. ზუსტი სტრუქტურა: რამდენი, როგორ, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს“,-განუცხადა KNEWS-ს ,,ღვინის ეროვნული სააგენტოს“ დირექტორმა.

რაც შეეხება ყურძნის ფასს, ლევან მუხუზლას ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა მუშაობა არა ყურძნის ღირებულების ზრდაზე, არამედ, გასული წლის ფასის შენარჩუნებაზე მიმდინარეობს.

ნატალია მეგუთნიშვილი