ახალი ამბები

 ევროკავშირის ელჩი კახეთში შეხვედრებს გამართავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კახეთში, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებს მოინახულებს.

კარლ ჰარცელი ვიზიტის ფარგლებში გაეცნობა ენერგოეფექტურობის ორ პროექტს, რომლებმაც თელავსა და შილდაში ჩატარებული სამუშაოებისთვის მოიპოვეს საერთაშორისო ჯილდო.

ის ასევე ესტუმრება სმენისა და მეტყველების სახლს თელავში, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

კარლ ჰარცელი შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თელავში. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის” ოფისში შედგება

ევროკავშირის ელჩი ასევე ესტუმრება ყვარელში ორ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომლებმაც ბიზნესის საწარმოებლად დახმარება მიიღეს, ასევე მოინახულებს სოფლის მეურნეობის პროექტებს სოფელ თამარიანში, რომლებიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ნერგავენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, ხოლო ყოველწლიურად გაწეული დახმარების მოცულობა 350 მილიონ ლარს აღემატება.

ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური და კერძო სექტორის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა, განათლება, საჯარო მმართველობა, მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და კულტურა.