ვეჯინის სათვალთვალო კოშკი– ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ვეჯინის სათვალთვალო (სასიგნალო) კოშკი – მდებარეობს სოფელ ვეჯინში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კახეთის მხარეში.
სოფელში ფუნქციონირებს ჰიდროელექტროსადგური ”ალაზანჰესი”, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში აიგო.
სოფელ ვეჯინიდან იყო XX საუკუნის ცნობილი მეცნიერი — ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი. სოფელში ცნობილი მეცნიერის სახელობის მუზეუმიც არსებობს. ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც არსებობის საუკუნეზე მეტი ტრადიცია აქვს, XIX საუკუნეში ამ სკოლაში ვაჟა-ფშაველას ძმა ბაჩანა ასწავლიდა.
90-იან წლებამდე სოფელში ფუნქციონირებდა რკინიგზის სადგური, რომელიც დღეს მთლიანად უფუნქციოდ არის დარჩენილი. სოფელში არსებობს კულტურის სახლის შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი მევენახეობა, მებაღჩეობა და მეხილეობაა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარწყვის და ატმის კულტურას.
სოფელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სოფლის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ოცდაათზე მეტი ისტორიული ძეგლი ან ნანგრევი. მათგან სიდიადით გამოირჩევა ამაღლების სამონასტრო კომპლექსი და ყველაწმინდის ეკლესია.