ახალი ამბებიბლოგებისტატიები

თელავი – სამაგიდო თამაშების ქალაქი

ამას წინათაც ვწერდი თელავის განვითარების შანსებზე და იდეებზე, ამ მხრივ ბევრი მიმართულებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც ძალიან ახლოს დგას ჩემთან.

თელავი – სამაგიდო თამაშების ქალაქი

პროლოგი – სამაგიდო თამაშების გაგონებისას ისეთი რეაქცია აქვთ, რომ ჩვენ მასეთ თამაშებს არ ვთამაშობთო, ვინც ეკლესიურია კარტი და სეკა, ბურა ახსენდება და არა, მაგას ხელს ვერ მოვკიდებთო. ზოგს სამაგიდო თამაში მარტო “მონოპოლია” თუ სმენია. მოკლედ ცნობადობა სამაგიდო თამაშების მიმართ საკმაოდ დაბალია და სწორედ ამიტომ დრო სჭირდება მის ფეხის მოკიდებას.

თავი I

თუმცა უკვე 8 თვეა სამაგიდო თამაშების კულტურის გაღვიძებას ვეწევი თელავში და ის რაც ამ რვა თვემ გვანახა შთამბეჭდავი სურათია. სრულიად უცხო თამაშები 50-მდე ადამიანის ცხოვრების წესად იქცა და ბევრმა არამხოლოდ კლუბში, სახლშიც დაიწყო თამაში. შეიძინა და სტუმრებს ლუდის და თამაშების თანხლებით მასპინძლობენ ოჯახებში. ხვდებით რაზეა საუბარი? სრულიად ახალ კულტურულ ფენომენზე. ეს არის ამბავი სამაგიდო თამაშების აღზევების დასაწყისის დასაწყისის შესახებ, რომელიც ცოტა ფართო მასშტაბით თუ განვიხილავთ დიდ წილად უნდა გახდეს ეროვნული კულტურული, გასართობი, შემეცნებითი ცხოვრების ნაწილი და შემდეგ გადაბარგდეს სატელევიზიო სივრცეშიც, როგორც ეს თავის დროზე მოახერხა კლუბმა “რა? სად? როდის?”. ალბათ მიმიხვდით რაზეა საუბარი. არის ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები, სადაც არც კი იციან სამაგიდო თამაშების შესახებ. ჩვენ კი უკვე კლუბი, გადაცემა და ჩემპიონატი გვაქვს.

თავი II

რა ხეირიო იტყვით? კულტურულ, განვითარებით თუ სხვა საზოგადოებრივ სიკეთეებს მიღმა იგი შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებით გამოვიყენოთ. შემეცნებისა და მომავალი თაობისათვის – სამაგიდო თამაშების მთავარი მიზანია ადამიანი აფიქროს, აპოვინოს გამოსავალი, დაასახინოს მიზნები, რათა მან გაიმარჯვოს.

ის პირველივე თამაშიდან ასწავლის ადამიანს იმ უნარჩვევებს რაც აგრერიგად აკლია დღევანდელ სკოლებს საქართველოში. სამაგიდო თამაშები აძლევს ბავშვებს საშუალებას გახდნენ ლოგიკური ადამიანები, იფიქრონ კრიტიკულად, დაისახონ ამოცანები და მიზნები. სწორედ ამიტომ ვაპირებ და აქვე ვდებ პირობას, რომ მალე საბავშვო სამაგიდო თამაშის წრეები გვექნება თელავში.

სადაც მათ ექნებათ საშუალება 2 საათით სრულიად მოწყდნენ პლანშეტებს, ეკრანებს. ხელით შეეხონ და ფიზიკურად ითამაშონ ის თამაშები, რომლებიც ასევე აზროვნებას და უამრავ უნარს განავითარებს მათში.

ტურიზმისათვის – წარმოიდგინეთ თელავი, ქალაქი, სადაც მარტო ღვინის, ხინკლის ან სულაც 900 წლის ჭადარის სანახავად კი არა, არამედ სამაგიდო თამაშების სათამაშოდ ჩამოდიან. სადაც იხსნება საერთაშორისო ბანაკები თამაშების შესასწავლად და დასასვენებლად, სადაც ეწყობა ექსპო- გამოფნები ახალი თამაშების გასაცნობად, ქართველი თამაშის დიზაინერების (რომლებიც ჯერ არ არსებობენ, მაგრამ გაჩნდებიან) აღმოსაჩენად. სადაც არის ბარები და ქუჩებიც კი, მხოლოდ სამაგიდო თამაშებზე და გართობაზე ორიენტირებული.

ეს იქნება თელავის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი, რაც მას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავაკასიაში ყველაზე გამორჩეულ სახელს შესძენს. რაც მოიზიდავს დამატებით უამრავ ტურისტს, რომლებიც აქ ტურნირებში მონაწილეობისათვის ჩამოვლენ და მერე ერთიანდ შეუყვარდებათ საქართველოც და თელავიც. და გგონიათ ეს რამე ფუტურისტული, უტოპიური გეგმაა? სულაც არა, სადაც 8 თვეში შევძელით პერმანენტული ჩემპიონატების, კლუბის და გადაცემის აწყობა-ორგანიზება სრულიად შიშველი ხელებით, რატომ ვერ შევძლებთ 10 ამდენს გაერთიანებული ძალებით?

ეპილოგი – გავერთოთ! ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ვიზიბილითი. რომ არა ჩემი სტუდია და რესურსები, ასევე ცოდნა სამონტაჟო პროგრამებისა არც გადაცემა იქნებოდა და არც სიუჟეტები. აქამდე არც ერთი მედია საშუალება არ მოსულა და ერთი ინტერვიუც კი არ აუღიათ. არ დაინტერესებულან რას ვაკეთებთ, რა გვაიძულებს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ასაკის, ინტერესების მქონე ადამიანებს ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ვიფიქროთ, გავერთოთ.

ორის გარდა არცერთი ბიზნესი არ დაინტერესებულა რა კლუბია, ასე რომ იზიდავს ადამიანებს. არადა, წესით ბიზნესი ხომ იქით უნდა იმზირებოდეს სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს, რათა თავისი პროდუქცია გაასაღოს და დაარეკლამოს. სამწუხაროდ თელავში მსხვილ თუ საშუალო ბიზნესებს ფართოდ დახუჭული თვალებით მოქმედება ურჩევიათ. არდა ნამდვილად საინტერესო თემაა, თელავის მერიას ვურჩევდი მეტი ყურადღება გამოეჩინა ამ საქმის მიმართ.

მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მათ შორის საორგანიზაციო ჯგუფის შედგენა, სამოქმედო გეგმის დასახვა, იდეების ტრანსფორმირება რეალობაში, კომერციული ინტერსების გატარება და მისთანანი. მარტო რომ ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს ცალკე ფინანსების და ცალკე დაბალი ვიზიბილითის ბრალია. დღეიდან ვიწყებთ ინვესტორების მოძიებას, მეტი პიარისა და ცნობების გავრცელებას ჩვენს და სამაგიდო თამაშების შესახებ.

ამხელა პოსტიც მაგიტომ დავწერე, რომ ნათლად დაგანახოთ თქვენ და ზოგადად ქალაქს, რომ თელავში არაფერი ხდება არის მცდარი ნათქვამი, ძალიან კარგი პროცესი ხდება და ჯობია დროულად შემოუერთდეთ. მოხვიდეთ თამაშების სასწავლებლად, ჩაერთოთ ჩემპიონატებში, მოგვეხმაროთ საორგანიზაციო თუ მედია კამპანიებში, თუ ბიზნესმენი ხართ ჩადოთ რეკლამა და ინვესტიცია მომავალი ქალაქის ფორმირებაში.

 

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი