ახალი ამბები

ბენზინგასამართ სადგურზე ნაპოვნი ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართ სადგურზე ნაპოვნი ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მან მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, ცოლი კი გაზრდილ მუცელს ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა.

მისივე თქმით, მეუღლემ მარტო იმშობიარა და ახალშობილი მას არ უნახავს.

„მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო – ვიცოდი, რომ მუცელი ავთვისებიანი სიმსივნის გამო ჰქონდა გაბერილი. თურმე მიმალავდა. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ მშობიარობდა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, შვილები არ გვყავს. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდებაო. როცა ვკითხე იმშობიარა თუ არა, თავიდან მითხრა, რომ არ უმშობიარებია. დაგვიმალა და მერე აღიარა. რატომ გააკეთა არ უთქვამს“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ბავშვის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.