კორონა პანდემიის გავლენა სოფლის მეურნეობაზე
კორონავირუსის პანდემიამ და რამდენიმე თვის განმავლობაში დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვამ სოფლის მეურნეობაზე უარყოფითად იმოქმედა.
მევენახეების და ფერმერების განმარტებით, დაწესებული რეგულაციების გამო მათ ვერ შეძლეს სრულფასოვნად მიწის დამუშავება და ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების სათანადო მოვლა.
გურჯაანში მცხოვრები ფერმერი ელისო ღვინიაშვილი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული შეღუდვა დაემთხვა საგაზაფხულო ხვნა-თესვის აქტიურ სეზონს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის კულტურებს აქვთ აგროვადები და თუ ფერმერები მათ არ დაიცავენ, ეს მოსავალს დააზიანებს.
,,ძალიან დამიგვიანდა სათესი მასალის შეძენა, რადგან დაკეტილი იყო აგრომაღაზიები, აგრარული ბაზრები, აკრძალული იყო გადაადგილება. კახეთი ბოლომდე დარჩა მწვანე ზონად და შეიძლებოდა ჩვენთან უფრო მოქნილი ყოფილიყო შეზღუდვები. როგორც დამსჯელი, დესპოტური ბერკეტი – ასე დაგვიწესეს ამ უსაფრთხო ზონაში გადაადგილების საათებზე შეზღუდვა და მანქანაში მჯდომ ადამიანთა რაოდენობაზე ლიმიტი.
როცა ნაკვეთში სამუშაოდ მჭირდებოდა 12 მუშა, ერთი გზის ნაცვლად ვაკეთებდი 4 გზას, რომ ჩამეყვანა ბრიგადა. უკან ამოსვლისაც კვლავ ოთხი რეისი უნდა გვევლო.
გაგრძელდა ოპერაციების დასრულების პერიოდი, დაგვიანდა თოხნა, თესვა და და საბოლოო ჯამში ყველაფერში რამდენჯერმე მეტი დრო და დანახარჯები წავიდა, რაც აუცილებლად აისახება გაძვირებულ თვითღირებულებაზე ან ჩვენს ზარალზე.
150 ლარი საწვავი კი არა, ათჯერ ამაზე მეტი დანახარჯის გაწევა მოგვიხდა დაწესებული შეზღუდვის გამო, რომელიც რეალურად არ გვჭირდებოდა ჩვენს ზონაში. სხვა შემთხვევაში გასაგები იქნებოდა’’,– განუცხადა knews.ge-ს ელისო ღვინიაშვილმა.
სოფლის მეურნეობაზე რომ უარყოფითი გავლენა მოახდინა პანდემიამ, ამის შესახებ სხვა ფერმერებიც საუბრობენ. მათი განმარტებით, დაწესებული კომენდანტის საათის დროში ვერ ეტეოდნენ, როს გამოც საჭირო პრეპარატების ყიდვას ვერ ახერხებდნენ, რაც მნიშვნელოვანი იყო მცენარის სრულფასოვანი ზრდისთვის.
,,კომენდანტის საათის ფარგლებში, ნებადართულ დროში ვერ ვეტეოდი ვერანაირად. მჭირდებოდა ჩასვლა რაიონულ ცენტრში, რომ მეყიდა პრეპარატები აგრომაღაზიაში. ამას თავის დროზე ვერ ვახერხებდი. პრეპარატები იმისთვის მჭირდებოდა, რომ გამომეკვება მცენარე. ამის გამო მოსავლის რაოდენობა მცირე იქნება’’,– განუცხადეს Knews.ge-ს ფერმერებმა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ მფერმერებმა მიწის და კულტურების მოვლის სამუშაოები დროულად ვერ განახორციელეს, მათ ადრეული პროდუქტების რეალიზების პრობლემაც შეექმნათ.
,,ამ დროს შემოდის განსაკუთრებით მალფუჭებადი სალათის ფურცლები, მწვანილი და სხვა, რომლის გატანა და რეალიზაციაც მებოსტნე ფერმერებმა ვერ მოახერხეს. ეს კი სერიოზული ზარალია მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა ერთ-ერთი საბითუმო-სავაჭრო ცენტრი ჯიბე, რომელიც არ იყო საკმარისი რადგან ბევრი ფერმერი დაგვიკავშირდა და გვითხრეს, რომ არახელსაყრელ ფასს იხდიდნენ.
მეორე რაც შეეხება მიწის და საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, კომენდანტის საათიდან გამომდინარე, დილის 6 საათიდან სათამოს 9 სათამდე სამუშაოების მოსწრება რთული იყო. ზოგი პირის მეურნეობა 10 კილომეტრზე მეტით იყო დაშორებული, ამიტომ სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებდა ბევრი. ამანაც თავისთავად ბევრი სამუშაოები უკან დაწია.
გარდა ამისა, ვირუსის პანდემიამ ერთი რამ დაგვანახა, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა შეექმნას ხელი ადგილობრივ წარმოებას, რადგან ქვეყანა იყოს დაცული სასურსათო უსაფრთხოებისგან. ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილი ის მეზობელი ქვეყნები, საიდანაც პროდუქტი შემოგვქონდა, ახლა თვითონაც თავისი მოსახლეობის გამოკვებისთვის საკმარის პროდუქციას აწარმოებს მხოლოდ და გამოდის, რომ გასაყიდი იმდენი არ აქვთ რამდენიც აქამდე. ამიტომ სახელმიწიფოს მიერ სწორი პოლიტიკა უნდა იყოს გატარებული იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს მყარად’’,– განუცხადა Knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.