ახალი ამბები

კორონავირუსის გამო „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ რეგიონულ შეხვედრებზე შესაძლოა, უარი თქვას

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით, საარჩევნოდ რეგიონულ შეხვედრებზე „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, უარი თქვას.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განქცხადა, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციებს ეპიდემიოლოგებთან გაივლიან.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პროცესს.

„ჩვენც გავივლით კონსულტაციებს ეპიდემიოლოგებთან, იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიამაც, არამარტო არჩევნების დღემ და უშუალოდ საარჩევნო პროცესმა, არამედ საარჩევნო აგიტაციამაც არ შექმნას რაიმე პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით.

როგორც მოგეხსენებათ, აგიტაციის ერთ-ერთი ფორმაა მაგალითად, რეგიონული შეხვედრების ორგანიზება და ამაზე, ალბათ, „ქართული ოცნება” უარს იტყვის, იმიტომ, რომ ბუნებრივია, სარისკოა 20 000 და 50 000 ადამიანის კონცენტრაცია ერთ, კონკრეტულ სივრცეში.

ასევე, სპეციალური შეზღუდვები დაწესდება პარტიის შიგნით, რათა მაგალითად, ე.წ. კარდაკარი, მასალების დარიგება და ა.შ. არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ კონსულტაციების საფუძველზე იმისათვის, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან წარმოებულმა აგიტაციამ არ შექმნას რაიმე პრობლემები ეპიდემიის გავრცელების კუთხით”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ივლისში დაასახელებენ, პროპორციულ სიის პრეზენტაცია კი სექტემბერში გაიმართება.