რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ მეწარმეები
კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა სერიოზული გამოწევევების წინაშე დააყენა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი, მეწარმეები და ფერმერებს.
მათი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულმა შეზღუდვამ უარყოფითად იმოქმედა მათ საქმიანობასა და შემოსავალზე.
თელავში მცხოვრებმა თამარ მიქელაძემ ხელნაკეთი საპნების ,,კუმპას“ წარმოება ორი წლის წინ დაიწყო. მიქელაძე ამბობს, რომ 24 სახეობის საპონს თელავსა და თბილისში მაღაზიების დახმარებით ყიდიდა, თუმცა გამოწვევების მიუხედავად, ონლაინ რეჟიმში პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო.
მეწარმე განმარტავს, რომ დისტანციურ რეჟიმში პრიდუქციის გაყიდვას დადებითი მხარეც აქვს, რადგან ეს ხელს უწყობს მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას.
,,პროდუქციას ვყიდიდი თბილისსა და თელავში სხვადასხვა მაღაზიაში. როცა პანდემია დაიწყო, მაღაზიები, სადაც მქონდა შეტანილი, დამიკავშირდნენ და პროდუქციის დაბრუნება მთხოვეს. გადავწყვიტე გარკვეული ნაბიჯები გადამედგა, რომ სერიოზული ფინანსური ზარალი არ მენახა.
პირველი ნაბიჯი იყო ონლაინ რეჟიმში 50%-იანი ფასდაკლების გამოცხადება და ამან დიდი დაინტერესება გამოიწვია. აქედან დავიწყეთ აქტიურად ონლაინ გაყიდვა. მომხმარებელთან შეხვედრა და კომუნიკაცია სასიამოვნო პროცესი იყო.
ეს სასარგებლო ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, პანდემიამ შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში შეგვიშალა ხელი, გვინდოდა მაღაზია და სამუშაო სტუდიის გახსნა’’,- განუცხადა knews.ge-ს თამარ მიქელაძემ.
პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო თელავში მცხოვრებმა მეღვინემ თეა მახათელაშვილმაც. მეწარმემ, კოვიდ ინფექციის გამო დაწესებულმა რეგულაციების გამო, პროდუქცია ექსპორტზე ვერ გაიტანა.
,,მამუკელაშვილის მარქანში“ ვაწარმოებთ 4 სახეობის ღვინოს: რქაწითელს, მწვანეს, საფერავსა და ჟღიას. ჩვენი ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით. კორონავირუსის პერიოდამდე საექსპორტო გაყიდვების ზღვარზე ვიყავით და ვემზადებოდით ექსპორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში2000 ბოთლს ვაწარმოებთ, ჩვენი მომხმარებელი არის მიზნობრივი, რომელიც განსხვავებული საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოს აფასებს.
განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გეგმები შეაჩერა და იძულებულები გავხდით, მოვრგებოდით ახალ რეალობას და პროდუქცია ონლაინ სივრცეში გაგვეყიდა. ამ დროს ადამიანი მრავალფუნქციური ხდება და ბევრ ფუნქციას ითავსებს.
თავიდან გაგვიჭირდა ჩვენით გვესწავლა მარკეტინგული ონლაინ მიმართულებები და იზოლაციის პერიოდმა მოგვცა საშუალება, გავცნობოდით გაყიდვის პლატფორმებს. ამ პერიოდმა გვიბიძგა საზღვარგარეთის ბაზრის გაცნობისკენ და როცა გაიხსნება საზღვრები, პოტენციურ ექსპორტიორებთან უფრო აქტიურად გვექნება კომუნიკაცია.
რამდენიმე პლატფორმაზე გვაქვს განთავსებული ღვინო, მაგრამ მოთხოვნა ცოტაა, რადგან ახლები ვართ და რთულია თავის დამკვიდრება. მიუხედავად ყველაფრისა, გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა, კარგად გამოვიყენეთ’’,- აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას თეა მახათელაშვილი.
განსხვავებული მუშაობის სტილზე გადავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ოთო გურგენიძე.
მას თბილისში მაღაზიის გახსნა ჰქონდა გადაწყვეტილი, სადაც სოფლებში მოსახლეობისგან ნაყიდი პროდუქციის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვების გეგმები ვეღარ განახორციელა.
ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად მან პროდუქციის გაყიდვა დისტანციურ რეჟიმში გადაწყვიტა და ონლაინ მარკეტი,,დოვლათი“ შექმნა.
“თავიდან გვინდოდა სოფლიდან ჩამოტანილი დოვლათის რეალური მაღაზიის ჩამოყალიბება, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ ნატურალური წარმოებული პროდუქტის შეძენა, რაც ერთი მხრივ სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქშიც შეგვეძლებოდა ნატურალური, ქართული პროდუქტის შეძენა.
მარტის თვეში კი, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დოვლათი სოფლიდან პირდაპირ სახლებში მიგვეტანა და ამისთვის გამოვიყენეთ ონლაინ პლატფორმა, რომელმაც საშუალება მოგვცა ძალიან მოკლე პერიოდში გაგვეცნო მომხმარებლიათვის, თუ რა იყო დოვლათი.
პროდუქტების სია მრავალფეროვანია – ხორცეული, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და უკვე, ნელ-ნელა გვემატება სეზონური ხილიც. მოთხოვნის სწრაფი ზრდა ალბათ 17 აპრლის გამოცხადებულმა კარანტინმაც განაპირობა, როდესაც მოსახლეობას ფაქტობრივად აღარ მიუწვდებოდა ხელი პროდუქტებზე და ჩვენც თითქოს გაასმაგებული პასუხისმგებლობით განვაგრძეთ საქმიანობა. მიტანის საფასური სრულიად მოვხსენით და მაქსიმალურად ვცდილობდით პროდუქტია შოგროვების დახარისხების და დარიგების პროცესი დილის6-დან საღამოს9 საათამდე მოგვესწრო, დავიმატეთ კურიერები და კიდევ უფრო გავიზარდეთ’’,– აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ოთო გურგენიძე.
დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერი ბექა გონაშვილი პრიდუქციის ონლაინ გაყიდვის კუთხით წლებია მუშაობს, თუმცა პანდემიის გამო ამ მიმართულების დახვეწა, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა და აქტიური მუშაობა გადაწყვიტა.
გონაშვილი ონლაინ გაყიდვის სერსვისის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად მეწარმეების კოოპერატივში გაერთიანებას და ამ მართულებით ერთად მუშაობას ასახელებს.
,,ჩვენ გვაქვს ფერმა, ბიომეურნეობა და თბილისში მაღაზია,,წერტი“. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ონლაინ გაყიდვაზე გადასვლა არ იყო რთული, რადგან რესტორნებს ვემსახურებოდით და მანქანაც გვყავდა, თუმცა მოგვიწია თანამშრომლების დამატება. დღეში 80-მდე გამოძახება მაინც გვაქვს.
წვრილი ან საშუალო ფერმერებისთვის ონლაინ გაყიდვების აწყობა არის საკმაოდ რთული, ამიტომ აუცილებელია თავად ფერმერებმა შეძლონ კოოპერაცია. საჭიროა მეტი ადამიანის გაერთიანება, რომელიც ერთგვარ პროდუქციას აწარმოებს, რათა მათ უწყვეტად მიაწოდონ მომხმარებელს პროდუქცია.
კოოპერაციის დროს, ზოგს გაყიდვა გამოუვა კარგად, ზოგს კი წარმოება. ასეთ დროს ამ ადამიანს უნდა მიანიჭონ უპირატესობა’’,– ამბობს „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ბექა გონაშვილი.
პანდემიამ მეწარმეები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და მცირე ნაწილმა თუ შეძლო მორგებოდა ამ რეალობას. ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ სერიოზული ზარალის თავიდან ასაცილებლად მცირე ბიზნესს მნიშვნელოვანი შეღავათი დაუწესა და მათი ხელშეწყობისთვის რამდენიმე ასეული მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან.
ვნახოთ, საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს, ერთი მხრივ, თავის გადასარჩენად მეწარმეების მიერ გატარებული ღონისძიებები და, მეორე მხრივ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა.