,,გესთ-ჰაუსები“ და სასტუმროები კახეთში ტურისტების მისაღებად ემზადებიან
ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი რეგულაციები თანდათან დასასრულისკენ მიდის. საქართველოში შიდა ტურიზმის ამოქმედება 15 ივნისს იგეგმება, საერთაშორისო ტურისტებს კი, ქვეყანაში 1 ივლისს ელიან.
სავარაუდოდ, სასტუმროებში სტუმრების მისაღებად დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოებიც ამ დროისთვის დასრულდება. თუმცა რამდენად მზად არიან გესთ-ჰაუსები და სასტუმროები სტუმრების მისაღებად და მათი ამოქმედებისთვის შესასრულებელი აუცილებელი პირობების შესასრულებლად?
საქართველოს მთავრობა ივნისის შუა რიცხვებიდან ტურიზმის ამოქმედებას გეგავს, თუმცა ეს პროცესი უსაფრთხოების და ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვის გარეშე ვერ დაიწყება. ეს ის აუცილებელი პირობაა, რისი შესრულებაც ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელებს უპირობოდ მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივ ტურისტებს შესაბამისი ტურისტული ობიექტები ვერ მოემსახურება.
,,15 ივნისიდან ვხსნით შიდა ტურიზმს და 1 ივლისიდან ველით საერთაშორისო ტურისტებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მიღებული გარკვეული რეგულაციები, რაც უსაფრთხოების და ჰიგიენური ნორმების დაცვას ითვალისწინებს“,-განუცხადა knews-ს ტურისტული კომპანია ,,დინა თრეველის“ დირექტორმა, ნატო ქართველიშვილმა.
ტურისტების მისაღებად ემზადებიან კახეთში მოქმედი ,,გესთ-ჰაუსებიც“. როგორც ამ კერძო, მცირე სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის დაწესებული რეგულაციების შესრულება რთულია, რადგან გარკვეულ, არცთუ მცირე თანხებთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, ისინი სამუშაოს დასაწყებად და დაწესებული ყველა წესის შესასრულებლად მზადყოფნას აცხადებენ და სამუშაოს დასაწყებად ემზადებიან.
,,ჩვენ ვცდილობთ, რომ დავიცვათ ყველა საჭირო რეგულაცია, მაგრამ ეს პროცესი ძალიან რთულია, მითუმეტეს, საოჯახო ტიპის სასტუმროსთვის, რადგან ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასეთ პორობებში, როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობაა, რთულია თანხების მოძიება, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა რეგულაცია დავიცვათ, მივიღოთ ტურისტები და ვიმუშაოთ, –ამბობს სასტუმრო ,,სანაპიროს“ მეპატრონე ანა გიორგელაშვილი
ქალაქის დიდი სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკვე მიღებული აქვთ რეგულაციები, რომლებიც ძირითადად, როგორც სასტუმროს თანამშრომლებისთვის, ასევე, სტუმრებისთვის პირბადეების ტარებას, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებას და სხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს.
,,ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივყვებით დაწესებულ რეგულაციებს, რის მიხედვითაც შეგვიძლია, რომ გავხსნათ სასტუმრო. ძირითადად, საქმე ეხება, როგორც სტუმრების, ასევე, თანამშრომლების აღჭურვას პირბადეებით, ფარებით, ხელთათმანებით, ხალათებით. საჭიროა სასტუმროს ტერიტორიის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სტანდარტი ითვალისწინებს მაგიდებს შორის დისტანციის დაცვას და ა.შ“-განაცხადა სასტუმრო ,,სევენთინ რუმსის“ მენეჯერმა ჯაბა კილაძემ.
საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს ამოქმედდება, საერთაშორისო ტურისტებს კი, ქვეყანაში 1 ივლისს ელიან. სავარაუდოდ, სასტუმროებში სტუმრების მისაღებად დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოებიც ამ დროისთვის დასრულდება.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი