ახალი ამბები

აგროდიზელი შეღავათიან ფასად 12 000-ზე მეტმა ფერმერმა შეიძინა

საქართვლოში 12 000-ზე მეტმა ფერმერმა აგროდიზელი შეღავათიან ფასში იყიდა.

კახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად გაეცნო.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შუფერხებლად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროგრამით უკვე 12 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფასდაკლების ბარათებით ფერმერებმა 100 000 ლიტრზე მეტი აგროდიზელი მიიღეს და 70 000 ლარზე მეტი დაზოგეს“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონში მოქმედ 10 ავტოგასამართ სადგურზე ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.

„ფერმერებისათვის ეს არის უპრეცენდენტო დახმარება. რამდენიმე დღეა რაც ეს პროგრამა დაიწყო და კახეთის რეგიონში უკვე 30,000 ლიტრი დიზელი ფერმერებმა ფასდაკლებით მიიღეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

“ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან მოქალაქეები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას შეძლებენ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო ფიზიკურ პირებზე. 1 ივნისიდან ბარათები გაცემა იგეგმება მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათები პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე დარიგდება”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პირველ ივლისამდე ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სეტემბრამდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.