როგორ მუშაობს კახეთში ცხელების ცენტრები
კახეთში 4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად ხდება სახლებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა, მათთვის ანალიზების აღება, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა და მიღებული შედეგების მიხედვით მათი მკურნალობისთვის განაწილება ან ბინაზე გაწერა.
ცხელების ცენტრებში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალი შესაბამისად გადამზადებულია, დაცულია ყველა მოთხოვნა და სამედიცინო მარაგების ან შესაბამისი ტექნიკის სიმცირე არ აქვთ.
ლაგოდეხის ,,არქიმედეს’’ კლინიკის დირექტორი, ნუკრი ყარალაშვილი განმარტავს, რომ მათთან სულ 7 ბოქსირებული პალატაა მოწყობილი, სადაც 30 პაციენტის ერთდროულად მიღება იქნება შესაძლებელი.
,,სამედიცინო მარაგების პრობლემა არ გვაქვს, რადგან ყოველკვირეულად ვანახლებთ არც აღჭურვილობის სიმცირის პრობლემა გვაქვს.
რაც შეეხება ცხელების ცენტრს, გვაქვს 7 ბოქსირებული პალატა ამჟამად, ასევე გვაქვს რეანიმაციული სივრცე, რომელიც ჯერ არ დაგვჭირვებია. კლინიკაში პაციენტების რაოდენობა იცვლება ყოველდღიურად. მთლიანად კი 30 პაციენტის მიღება შევიძლია.
პირები, რომლებიც შიშობენ, რომ აქვთ ვირუსის სიმპტომები, უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და მისი მომართვის საფუძველზე თუ საჭირო იქნება, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე მოიყვანენ ანალიზისთვის. თითოეულ სოფელში სოფლის და ოჯახის ექიმები იღებენ გადაეწყვეტილებას არის თუ არა ის ცენტრში გადმოსაყვანი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნუკრი ყარალაშვილმა.
თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მოქმედ ცხელების ცენტრში ყოველდღიურად 11 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.
საავადმყოფოს დირექტორი, ეკა ჭონიაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კახეთში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდება და მიმართვიანობა გაიზრდება, არამარტო სამედიცინო ინვენტარის, საავადმყოფოების პრობლემაც გაჩნდება.
,,საშუალოდ დღის განმავლობაში 5 მოქალაქე გვაკითხავს ცხელებით. ხდება შეფასება შემდეგ და თუ საეჭვო სიმპტომები აქვთ, ანალიზებს ვუღებთ და ლუგარის ლაბორატორიაში ვაგზავნით. იზოლირებული ოთახები ისეა მოწყობილი, ერთდროულად 11 პაციენტის მიღების შესაძლებლობა გვაქვს.
ამ ეტაპზე მარაგების პრობლემა არ ჩანს, მაგრამ თუ იქნება ზრდა შემთხვევების, მაშინ შეგვექმნება არამარტო მარაგების, არამედ საავადმყოფოების პრობლემა‘’,- განუცხადა knews.ge-ს ეკა ჭონიაშვილმა.
თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში ერთდროულად საეჭვო სიმპტომების მქონე 14 პაციენტის მიღება იქნება შესაძლებელი.
კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ საავადმყოფომ გამოყო 1 მთლიანი სართული, სადაც 7 ბოქსირებული პალატაა.
,,მარაგების პრობლემა არ გვაქვს, გასულ კვირას ვიყავი ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში და უწყებამ კიდევ გადმოგვცა პირადი დაცვის საშუალებები: პირბადეები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა.
ამ ეტაპზე ვფუნქციონირებთ, როგორც შერეული კლინიკა და ასე როდემდე გაგრძელდება არ ვიცით ჯერ. დღევანდელი მდგომარეობით, ერთდროულად შეგვიძლია გვყავდეს 14 პაციენტი იზოლირებულ ზონაში’’,- განუცხადა knews.ge-ს ზურა საჩიშვილმა.
საგარეჯოს ცხელების ცენტრში კი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად 17 ბოქსირებული პალატაა მოწყობილი.
სამედიცინო დაწესებულების დირექტორი, დავით ჯიქია განმარტავს, რომ მათთან ყველანაირი პირობაა შექმნილი და შესაბამისად არის აღჭურვილი თითოეული ბოქსირებული პალატა.
,,ამ ეტაპზე ცხელების ცენტში მოწყობილია 17 ბოქსირებული პალატა. ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი, გადამზადებულია ასევე სამედიცინო პერსონალი და არ გვაქვს სამედიცინო მარაგების პრობლემა.
ცხელების ცენტრში ყოველდღიურად არიან პაციენტები, ვიღებთ მათ ანალიზებს და ვაგზავნით თბილისში გამოსაკვლევად. ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გაქვს დადასტურებული. ერთდროულად შეგვიძლია 17 პაციენტის მიღება და მათთვის ანალიზების აღება’’,- განუცხადა knews.ge-ს დავით ჯიქიამ.