ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი- აგრარული ბაზრების უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი აგრარული ბაზრების უმეტესობა დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო, ყველა ბაზრის გახსნა და მისი მუშაობის განახლება ვერ მოხდება.

„ეტაპობრივად, ჩვენ მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას შევუწყობთ ხელს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით, შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარიული სტანდარტების დაცვას ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად. ეს არის გაიდლაინები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, ეს იქნება საბითუმო თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს.

დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა, უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს; შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგისტრირებული აგრარული ბაზარი.

იმისათვის, რომ ფუნქციონირება განაახლონ, ბაზრები უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ მოთხოვნებს – ეს ეხება მოვაჭრეთა მიკვლევადობას, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარიულ ზედამხედველობას; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარება, თერმოსკრინინგი, პირბადეების აუცილებელი ტარება და სხვა, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო ვითარება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა აღნიშნული წესების დაცვით, ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტებს და კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბები, რომელიც თითოეულ რეგიონშია შექმნილი გუბერნატორების ხელმძღვანელობით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.