თელავის აგრარული ბაზარი გაურკვეველი ვადით დაიკეტა
თელავის აგრარული ბაზარი, რომელიც დღეს გაიხსნა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის დააჯარიმა და მისი დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ბაზარში მყოფ პირებს მიტანილი პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ, ხვალიდან კი ბაზარი გაურკვეველი დროით დაიკეტება.
,,დღეს თელავის ბაზრის დირექციამ თვითნებურად გახსნა ბაზარი, რაზეც მოხდა მყისიერი რეაგირება შესაბამისი სამსახურების.
ბაზრის გახსნა არ ყოფილა საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებული, მათ შორის არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. აქედან გამომდინარე, სააგენტომ შეამოწმა, ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემული იყო არ სრულდებოდა და აგრარული ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა დროით არ ვიცით ჯერ. არ გაიხსნება მანამ სანამ ყველა რეკომენდაციის დაკმაყოფილება არ მოხდება.
ბაზრის დირექტორც ესწრებოდა იმ შეხვედრას, სადაც სააგენტოს მიერ რეკომენდაცია გაიცა, თუმცა არცერთი არ შესრულდა.
ბაზრის დურექციაა დამნაშავე, რომ ამ მოვაჭრეებს საშუალება მისცა ევაჭრათ. მერიის გადაწყვეტილებით ამ ადამიანებს მიეცემათ დღის ბოლომდე ვაჭრობის შესაძლებლობა, ხვალიდან კი ბაზარი დაიკეტება”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.