გურჯაანის აგრარული ბაზარი მაისის მეორე ნახევარში გაიხსნება
გურჯაანის აგრარული ბაზრის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, ბაზრის გახსნამდე ადმინისტრაციას სამი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა მოუწევს.
ბაზრის მფლობელის, ნუკრი ლიპარტაშვილის ინფორმაციით, მუშაობის განახლებამდე მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას და ბაზრის შესაბამისად მოწყობას 20 დღე დასჭირდება.
,,გურჯაანის ბაზარი სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აპრილის დასაწყისში დაიხურა. ამ ეტაპზე მუშაობის განახლებისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე სამი საკითხია მოსაწესრიგებელი.
პირველი საკითხია ის, რომ ბაზარს უნდა ჰქონდეს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი და გასასვლელი, რათა ერთი მხრიდან მოხდეს ხალხის ნაკადის შესვლა და მეორე მხრიდან, კი გასვლა, ამასთან, უნდა გაკონტროლდეს შესაბამისად.
მეორე საკითხია ბაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ობიექტები იყოს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და არ მოხდეს ღია ცის ქვეშ ხორცისა და ყველის გაყიდვა.
გარდა ამისა, ასევე სისტემატურად უნდა სუფთავდებოდეს იატაკები. ამ შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებში მითითებული იყო ბაზარში მოქმედი ჯიხურების მოწყობის აუცილებლობა, რომლის მფლობელები ბიზნესოპერატორებად არიან რეგისტრირებული. გვითხრეს, რომ ჩვენ გვეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით და თუ არ მოგვარდებოდა, ჯარიმა იქნება 15 000 ლარი. თუმცა ეს საკითხები რომ მოგვარდეს, ჯერ უნდა დასრულდეს რემონტი ბაზრის მთლიან ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ასევე ტუალეტების და სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებითაც. აუცილებელია საპირფარეშოები კარგად მოპირკეთებული იყოს და დასუფთავება და დეზინფექცია სისტემატურად ხდებოდეს’’,- განუცხადა knews.ge-ს ნუკრი ლიპარტაშვილმა.
გურჯაანის აგრარულ ბაზრის რემონტი ნაწილობრივ დასრულებულია, თუმცა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოხდა მშენებლობების გაჩერება, აიკრძალა მანქანების გადაადგილება და სამშენებლო მასალების გამყიდველმა მაღაზიებმაც მუშაობა შეაჩერეს. შესაბამისად, ადმინისტრაციას რეკომენდაციების შესასრულებლად გარკვეული დრო სჭირდება.
მისი თქმითვე, უახლოეს დღეებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით მოხდება სამშენებლო მასალების ყიდვა და შესაბამისი სამუშაოების დაწყება.
,,შეზღუდვების გამო აქამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოვახერხეთ. ამ დღეებში კი მერიის მხარდაჭერით მოხდება მააღაზიებიდან სამშენებლო მასალების შეძენა. პირველ ეტაპზე დავიწყებთ სველი წერტილების მოწესრიგებას და შესაბამისი ნაგებობის აშენებას.
გარდა ამისა, დარჩენილ ორ საკითხს, არსებული ჯიხურების დემონტაჟის მოთხოვნით განცხადება შევიტანეთ მერიაში და დაველოდებით ნებართვას, რომლის მიღებისთანავე დავიწყებთ სამუშაოებს. ასევე იგეგმება ბაზრის ტერიტორიის მოასფალტება, მოეწყობა შესასვლელი და გასასავლელიც. სრულად ამ ყველაფრის გასაკეთებლად 20 დღე გვჭირდება’’,- განაცხადა ნუკრი ლიპარტაშვილმა.
ამასთან, ბაზრის წარმომადგენელი თელავის აგრარული ბაზრის დაკეტვის საკითხსაც გამოხმაურა და აღნიშნა, რომ ბაზარში შემომსვლელთა პირბადის გასწორების ან დისტანციის დაცვის საკითხის მოგვარება შეუძლებელი იქნება, რადგან ბაზრის ადმინისტრაციას მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი ყავს, რომელთა მუშაობაც აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად არ იქნება საკმარისი.
,,ის რაც თელავის ბაზარში მოხდა, რომ ვიღაცას პირბადე არასწორად ეკეთა და ამის გამო დახურეს, ამის შესრულება ბაზრებისთვის შეუძლებელია, რადგან იმდენივე მაკონტროლებელი პირია საჭირო, რამდენიც მოვაჭრე ან გამყიდველი იქნება.
თუ გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდეგაც ასეთი რთული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება იქნება, დავფიქრდებით გავხსნათ თუ არა ბაზარი. ძალიან რთულია ყველა შემსვლელისთვის სიცხის შემოწმება, პირადი მონაცემების ჩაწერა. გარდა ამისა, ვთქვავთ და რამე დაავადება აღმოჩნდეს, ჩვენ უნდა მივაკვლიოთ არამარტო გაყდველს, ასევე მისი კონტაქტებიც უნდა მოვიძიოთ. ამიტომ ვფიქრობთ, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, ღირს თუ არა ბაზრის გახსნა.’’