კახელი ემიგრანტები უცხოეთში კორონავირუსის პირისპირ
მათ სამშობლო წლების წინ, გაჭირვების გამო დატოვეს. იქ, უცხო მხარეში, ყოველი დილა ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე ფიქრში თენდება და ყოველი დღეც ასევე ღამდება. ახლა განსაკუთრებულად უჭირთ, რადგან მათ ისედაც რთულ მდგომარეობას ახალი COVID19-ის გამო შექმნილი პრობლემებიც დაემატა და იმაზე დარდი, თუ როგორ ცხოვრობენ საშიშ ვირუსთან პირისპირ მათი ოჯახის წევრები.
ყველას კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც უცხოეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილება პირველად მიიღეს და საკუთარი არჩევანის სისწორეში ოჯახის წევრებიც დაარწმუნეს. აეროპორტისკენ მიმავალი გზაც ახსოვთ და დამალული ცრემლებიც. არავინ იცოდა, რას უმზადებდა მათ სრულიად უცხო ქვეყანა, სადაც მუდამ სტუმრები იქნებოდნენ. დრო ზოგისთვის ნელა, ზოგისთვის კი ჩქარა გადიოდა. ახალმა გამოწვევამ კი, რომელსაც მთელი მსოფლიო ,,კოვიდ-19“-ს უწოდებს, მათი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, ზოგისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაც გააჩინა.
თამარ მიქაძე ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. კორდობა პატარა ქალაქია და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იქ უამრავი ქართველია, მათ შორის არიან კახელი ემიგრანტებიც, რომლებიც ამ ადგილის მცხუნვარებას, ზაფხულის თვეებში +50 გრადუს და ზოგჯერ უფრო მეტ ტემპერატურასაც, დიდი ხანია, შეეჩვივნენ, ახალ კორონავირუსთან შეგუება კი უჭირთ. აქ ყოფნის საფასური ახლობელ ადამიანებთან განშორება და ჩუმი ნოსტალგიაა, რომელსაც ხშირად არც არავის უზიარებენ. ეს სენტიმენტები განსაკუთრებით ახლა მძაფრდება, როდესაც იციან, რომ იქ, სამშობლოში, მკვლელ ვირუსს მათი ახლობლებიც ებრძვიან.
,,საყოველთაო კარანტინი ესპანეთში 16 მარტიდან ამოქმედდა. დაიკეტა ყველაფერი, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აიკრძალა ბავშვების გარეთ გაყვანა, ყველა სათამაშო მოედანს წითელი ლენტი შეამორტყეს. მაღაზიაში, რიგში დგომისას, სავალდებულოა 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა. პირბადე და ხელთათმანის ტარება რეკომენდაციის დონეზეა, რადგან ძალიან ძნელად იშოვება, ბევრ აფთიაქში საერთოდ არ არის. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას, მოხუცს ვუვლი. ძალიან ძნელად შეხვდნენ ამ ამბავს ბავშვები და მოხუცები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მოხუცებს კანარტინის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ, როგორც ფიზიკური, რადგამ მათთვის მოძრაობა აუცილებელია, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ვინაიდან ბავშვები სკოლაში აღარ დადიან, მათ მასწავლებელი ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის დავალებებს და მე ვეხმარები დავალებების მომზადებაში. 70 წელს ზევით ადამიანების გარეთ გასვლა აკრძალულია. ჩემი მეუღლე მუშაობდა მომარაგების კითხით. სამწუხაროდ შეკვეთები თითქმის აღარ არის, რამაც ძალიან დაგვაზარალა ფინანსურად, არადა გვიწევს გადასახადების გადახდა, რომ გადასახადის გადამხდელის სტატუსი არ გაგვიუქმდეს“, – აცხადებს knews-სთან თამარ მიქაძე.
სანამ იტალიაში წასვლას გადაწყვეტდა, თამარ პატარაშვილი, ოჯახთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობდა. დრო შეიცვალა და იტალიის ქალაქ ნეაპოლში უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. თამარი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო, სამიოდე კვირის წინ, იტალიაში საშინელი მდგომარეობა იყო, ახლა კი ვითარება შედარებით გამოსწორდა, გარდაცვლილთა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამაც იკლო.
,,ჯერ ისევ კარანტინის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. იტალიის მოქალაქეების მსგავსად, ყველა წესს და რეგულაციას ემიგრანტებიც ვიცავთ. მძიმე სიტუაციის მიუხედავად, მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახებიდან გამოუსვლელად. არიან ის ემიგრანტებიც, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ და მათი მდგომარეობა უფრო რთულია, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. პროდუქტებზე ფასები ხელმისაწვდომია, ისევე, როგორც ჯანდაცვა, თუ დაგვჭირდა, უარს არავინ გვეტყვის. აქ, ასეთ ვითარებაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ იმედია, რომ უფლის წყალობით ყველაფერს გადავიტანთ“, – ამბობს knews-სთან საუბრისას თამარ პატარაშვილი.
ალექსანდრე გოგილაშვილი მრავალი წელია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში თელავის მკვიდრმა საზღვარგარეთ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია და საკუთარი კომპანია შექმნა. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ ახალმა კოვიდ 19-მა მის ბიზნესს ახალი წესები არ უკარნახა და საბოლოოდ არ გააჩერა.
,,სირთულე დიდია, რადგან ბევრი კომპანია დაიკეტა, მათ შორის, ჩემიც. უკვე 4 კვირაა, ვზივარ სახლში და ველოდები, როდის ამუშავდება . ყველაფერს ბინის ქირის და დაზღღვევის თანხაც ემატება. მე თვეში, ბინის ქირაში, 1100 დოლარი მაქვს გადასახდელი. ჩემი კომპანიის დაზღვევა კი თვეში 1400 დოლარია. არ ვმუშაობ, მაგრამ ეს თანხა მაინც უნდა გადავიხადო, საკვებიც უნდა ვიყიდო. საკვების ფული კი აქ ყველას აქვს, იმდენი მაინც, რომ 2 – 3 თვე ეყოს.
ჩვენს შტატში კომენდანტის საათი უბრალოდ გამოაცხადეს და გვთხოვეს , რომ საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე არ გავიდეთ. საავადმყოფოები გადავსებულია და მძიმე მდგომარეობაა. თავიდან იყო პანიკა, მაგრამ მერე, როდესაც მოსახლეობამ დაინახა, რომ თუ წესებს დაიცავს, არც ისეთი რთულია ასეთ პირობებში ცხოვრება., ადამიანები იმდენად აღარ ნერვიულობენ. ამასთან, მთავრობამ ერთ სრულწლოვან მოქალაქეზე 1200 და ბავშვზე 500 დოლარი გამოყო.
რაც შეეხება მკურნალობას, თუ ადამიანს არ აქვს მძიმე მდგომარეობა, ის მკურნალობას სახლში გადის, თუ მისი მდგომარეობა მძიმეა, 911-ში რეკავს და მის წასაყვანად სასწრაფო დახმარების ჯგუფი მიდის“,– განუცხადა knews-ს ალექსანდრე გოგილაშვილმა.
ალექსანდრე პროფესიით ტელეოპერატორია და საქართველოს წამყვან ტელეკომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს. ამ პერიოდში ბევრი სირთულე შეხვედრია და იმედს არც ახლა კარგავს, მშობლიურ თელავში დაბრუნებაზე ოცნებობს და ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი