თელავში ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური მაღაზიები იმუშავებს
თელავში ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები იმუშავებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ავტომობილებით გადაადგილების დაშვებასთან ერთად, ფერმერებსა და მევენახეებს საშუალება ეძლევათ, სპეციალურ მაღაზიაში პესტიციდები შეიძინონ.
,,მაღაზია ფერმერებისთვის ხელსაყრელი დროის შესაბამისად გაიხსნება, რათა მათ გადაადგილებისთვის განკუთვნილი დროის მონაკვეთში შეძლონ საჭირო სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
თელავში მოქმედი პესტიციდების მაღაზიის მეპატრონე კახა მესაბლიშვილი განმარტავს, რომ ფერმერების საჭიროებიდან მათ მისაღებ დროს იმუშავებენ.
,,მნიშვნელოვანია ჩვენი ობიექტის გახსნა, რადგან შეზღუდვების გამო ბევრი ფერმერი ისე რჩებოდა. ამ დღეების განმავლობაში ბევრი ფერმერი რეკავდა, მითანხმდებოდა მაღაზიის გახსნაზე. ახლა ეს პრობლემა აღარ ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ ფერმერებს”, – აღნიშნა კახა მესაბლიშვილმა.