ახალი ამბებისტატიები

აფერხებს თუ არა ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა სოფლის მეურნეობის საქმიანობას

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან 21 აპრილამდე იკრძალება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადილება, მოტოციკლის მოპედის და ველოსიპედის გარდა.

სოფლის მეურნეობის ექსპერტები, ფერმერები და მევენახეები აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, აკრძალვა ხელს შეუშლის ბაღების, ვენახების და ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების სრულფასოვნად მოვლას.

გურჯაანში მცხოვრები მევენახე მიხეილ მამნიაშვილი განმარტავს, რომ მისი სახლიდან ვენახი რამდენიმე კილომეტრშია, თუმცა გადაადგილების შეზღუდვის გამო მის მოვლას ვეღარ შეძლებს. მისივე თქმით, ეს მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე იმოქმედებს.

,,ჯერ ცხრა საათის შემდეგ აკრძალეს მანქანით გადაადგილება, ახლა კი სრულად. ვენახში დავდიოდი, ვუვლიდი და ყურადღებას ვაქცევდი. სწორედ ამ პერიოდში იწყება ყველაზე აქტიური სამუშაოები. მესმის, რომ ეს რეგულაციები აუცილებელია, თუმცა მევენახეებისა და ფერმერებისთვის გამონაკლისი უნდა იყოს, რომ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები გაგვეკეთებინა,’’- განაცხადა მიხეილ მამნიაშვილმა.

მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან სხვა ფერმერები და მევენახეებიც. მათი განცხადებით, სახელმწიფომ გამონაკლისი უნდა დაუშვას, რომ შეძლონ შორს მდებარე მეურნეობაში სიარული და მუშაობა.

,,არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან დისტანციას ვიცავთ ნაკვეთებში მუშაობის დროსაც. საჩქარო და გადაუდებელი საქმეებია მოსაგვარებელი, ატამიც ეხლაა მოსაწამლი და საშუალება არ გვეძლევა მუშაობის”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა ფერმერებმა.

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ გადაადგილების აკრძალვა და კომენდანტის საათი უარყოფით გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე. მისივე თქმით, ახლაა ვენახის და ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების დათესვის და მოვლის სამუშაოები განსახორციელებელი.

,,ამ ეტაპზე, ძირითადად, საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, ახლაა მარცვლეულის თესვის პერიოდი და განსაკუთრებით მძიმეა, როცა ცხრა საათზე იწყება კომენდანტის საათი. მოსახლეობის ნაწილს ისე შორს აქვს ნაკვეთი, რომ სახლამდე მისვლაში სჭირდებოდება თითქმის ორი საათი.

გამოდის, რომ საღამოს 7 საათზე თავი უნდა დაანებოს სამუშაოს და წამოვიდეს, რომ მოასწროს სახლში.  სამუშაოდ ნახევარი დღე რჩება რაც დიდ ზეგავლენას ახდენს და შემაფერხებელი გარემოებაა სრულფასოვანი საქმიანობის განსახორციელებლად.

რაც შეეხება დღეიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილების სრულად აკრძალვას, ესეც ძალიან რთული საკითხია და თავის შედეგებს მოიტანს, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ამის გაკეთება, რადგან მოსახლეობის უმეტესობა რეგულეაციებს არ იცავდა’’,- განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 21 აპრილამდე დღეიდან აკრძალა.