თელავში მცხოვრებმა მუსიკოსმა უძველესი ადგილების შესახებ ვიდეო ისტორიების მომზადება დაიწყო
თელავში მცხოვრებმა მუსიკოსმა და სამოქალაქო აქტივისტიმა სოსო მიქელაძემ, თელავის მუნიციპალიტეტში უძველესი ადგილების და ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო ბლოგების მომზადება დაიწყო.
მას ამ ეტაპისთვის 6-მდე ბლოგი აქვს მომზადებული, რომლის მეშვეობითაც მსურველი კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ ისტორიას მოისმენს და მისი დათვალიერება დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით შეეძლება.
იდეის ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანი კარანტინში მყოფი მოქალაქეების გააქტიურებაა. სოსო მიქელაძეს თქმით, ის ერთის მხრივ ისორიული ადგილების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი სახლში თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს აძლევს საშუალებას გახალისდნენ და გაიგონ უფრო მეტი თავისი მუნიციპალიტეტის შესახებ.
“თვითიზოლაცია ეფექტიანად ანუ ანტი-კორონა ჩვენებურად” ასე დავარქვი ამ ვიდეოების ციკლს. უკვე მოვამზადე მეექვსე ვიდეო, სადაც მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლზე ვყვები ამბებს და ვაჩვენებ მაყურებელს რა მდგომარეობაშია ის.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არ ვარღვევ კარანტინს, ინდივიდუალურად დავდივარ თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში არსებულ ისტორიულ და საინტერესო ადგილებზე.
პირველრიგში მე ვიღებ ამით დიდ სიამოვნება და ასევე ჩემს გულშემატკივარს ვაცნობ ისტორიულ და ულამაზეს ადგილებს, რომ ამ კარანიტის პირობებში დადებითი ემოციები მოვუტანო.
სახლში ვერ დავჯდები და ვერ დავუკრავ მხოლოდ გიტარას, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე. ასე ვებრძვით კორონას. ამ აქტიურობით, ისტორიულ ადგილებს პოპულარიზაციასაც ვუწევ. ეს ყველაფერი ჩემს ახალ სიმღერებშიც აისახება”,– განუცხადა Knews.ge-ს სოსო მიქელაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია, რუისპირის წმინდა შიოს მონასტრის შესახებ მომზადებული ვიდეო ისტორიაა, რომელიც უძველესი ისტორიული ძეგლია და XII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.
,,10 აპრილს ვესტუმრე რუისპირის წმინდა შიოს მონასტერს. ეს ინდივიდუალური ლაშქრობა დაიწყო შუამთის წყაროს ტერიტორიიდან. ჩავედი მდინარე თურდოსთან და შემდგომ ავუყევი მდინარის დინების მარცხენა ნაპირს და სამანქანე გზით ავედი მონასტერთან. წარმოდგენილი ვიდეორგოლი იწყება მონასტრის ქვემოთ, კლდის კედლებში გამოკვეთილი ქვაბულების, მღვიმეების და ერთმანეთში გამავალი გვირაბების ამსახველი კადრებით. დღესაც არსებობს ვარაუდი, რომ ეს ადგილობრივი ბერების კელიები და სენაკები იყო.
ვიდეორგოლში ასევე წარმოდგენილია აგროტურისტული კომპლექსი „შიოს მარანი“. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქართველები უდიდეს სიმდიდრეს ვფლობთ, ჩვენი მიწა-წყლის სახით, და საკმარისი გონიერების გამოჩენის შემთხვევაში გაღარიბება ჩვენ არასოდეს გვიწერია”,- აცხადებს სოსო მიქელაძე.
იხილეთ ვიდეო ისტორია რუისპირის წმინდა შიოს მონასტრის, მის ახლომდებარე კლდეში ნაკვეთ ქვაბულების, მღვიმეების და გვირაბების შესახებ: