თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიშა პაპას სურსათი და მედიკამენტები მიუტანეს
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები 73 წლის მიშა ყარაულაშვილს სურსათით და მედიკამენტებით დაეხმარნენ.
მიშა ყარაულაშვილი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტებს ყიდიდა რა დროსაც 3000 ლარით დააჯარიმეს.
,,რამდენიმე დღის წინ მიშა პაპა თელავში ტიტებს ყიდდა, რათა წამლისა და პროდუქტის ფული შეეგროვებინა, რა დროსაც დააჯარიმეს. დღეს ვესტუმრეთ მიშა პაპას და პროდუქტები და საჭირო მედიკამენტები მივუტანეთ. აქტივობა ,,ახალი ლიდერების ინიციატივისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთობლივი ღონისძიებაა “, – განუცხადა knews-ს გიგი გიგიტელაშვილმა.
მიშა ყარაულაშვილის თქმით, ტიტების გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრისთვის წამლის და საკვების შესაძენი ფული შეეგროვებინა.
„9 ტიტა გავყიდე, 6 ლარი გამომივიდა და 3000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, წამლის საყიდელი ფული არ მაქვს მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, – ამბობს მეყვავილე მიშა ყარაულაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გარევაჭრობა აკრძალულია.
,,ამ სიტუაციაში გარევაჭრობა აკრძალულია. მამაკაცი წესების დრღვევის გამო დაჯარიმდა. ვინც კანონს არღვევს, ბუნებრივია ჯარიმდება”,- განაცხადეს სამინისტროში.
მოხუცის დასახმარებლად ახალგაზრდა აქტივისტმა ანა ინგოროყვამ კი, სოციალური ქსელის დახმარებით საკუთარი ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. იგი განმარტავს, რომ იურისტები მიშა ყარაულაშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას გაასაჩივრებენ.