ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ფოტო თელავში ერთ-ერთ ოჯახში ინახება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ფოტო, სადაც ის ადგილობრივებთან ერთად სოფელ იყალთოში, 27 ოქტომბერს, “შოთაობის” დღესასწაულზე იმყოფება, დღემდე თელავში მცხოვრები მაია წიგნაძის ოჯახში ინახება.
წიგნაძე აცხადებს, რომ ფოტო 1991 წელს არის გადაღებული, სადაც ზვიად გამსახურდია თელავის მაშინდელი პრეფექტის, მისი მოადგილის და დაცვის წევრებთან ერთად არის გამოსახული.
,,ფოტოზე მარჯვნივ მამაჩემი, იმ დროს თელავის პრეფექტის მოადგილე, შემდეგ ვაჟა ჭინჭარაული, ზვიადის დაცვის წევრი, რომელიც გაუჩინარდა.
ასევე ფოტოზე ჩანს იროდი მაზანაშვილი, თელავის მაშინდელი პრეფექტი. მახსოვს დიდი ღონისძიება იყო, ბევრი მოწვეული და ადგილობრივი სტუმარი”,-განუცხადა knews. Ge-ს მაია წიგნაძემ.
გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა.
ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას თავი ანტისაბჭოთა გამოსვლებით ახალგაზრდობაშივე დაამახსოვრა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა წარადგინა.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.
1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამაჯერებელი გამარჯვებით.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2013 წელს ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.