ახალი ამბები

თელავში მდებარე საკარანტინო ზონა კიდევ 91-მა ადამიანმა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე 2 საკარანტინო ზონა დღეს კიდევ 91-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები კარანტინში ორი კვირის წინ მოათავსეს და შესაბამისად მათ 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი ამოეწურათ.

სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მენეჯერის, ილია საგანელიძის განმარტებით, კორონავირუსზე მედიკოსებმა რამდენიმე მათგანს ანალიზები აუღეს და შესაბამისი კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა, თუმცა COVID19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. სასტუმროში საკარანტინო პერიოდს 61 ადამიანი გადიოდა.

30-მა მოქალაქემ დატოვა „შატო მერეში“ მდებარე საკარანტონო ზონა.

“შატო მერეს” მენეჯერის, ლიკა პარწიკანაშვილის განმარტებით, სასტუმროში მყოფ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმროში კარანტინს 10-მდე მოქალაქე გადის.

საკარანტინო ზონები კახეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირება კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კარანტინში მყოფი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებით, აუცილებელი ჰიგიენური ნივთებით და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობით. კარანტინში მყოფები საცხოვრებელ ადგილას გადაიყვანეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით. ქადაგიშვილის თქმით, სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.