როდის გაივლის მატარებელი კახეთის რკინიგზაზე
ბოლო დროს კახეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენის და რეაბილიტაციის საკითხი აქტიურად განიხილება. ადგილობრივი ხელისუფლება აქცენტს სტრატეგიული პროექტის ტურისტულ მნიშვნელობასა და მევენახეების დახმარების შესაძლებლობაზე აკეთებს.
ოპოზიცია კი თვლის, რომ დაანონსებული ეს და სხვა პროექტები მხოლოდ პიარის და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც რეალურად არასდროს განხორციელდება. ამ განცხადებების ფონზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რკინიგზის აღდგენა ამ ეტაპზე მხოლოდ მოსაზრების დონეზე განიხილება.
აღდგება თუ არა კახეთის სარკინიგზო ხაზი, რის შესახებაც განცხადება ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნო დაპირებების ფორმატში, ჯერ კიდევ 2012 წელს გააკეთა? მოგვიანებით ეს დაპირება, სხვა პროექტებთან ერთად, სხვა ლიდერებმაც გაიმეორეს. მაგალითად, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობდა, კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდებოდა და აეროპორტთან ერთად, რეგიონში სარკინიგზო ხაზის აღდგენაც აუცილებელი იყო:
ფოტოზე: თელავის რკინიგზის სადგური 2019 წელი.
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს, რომ ეს რკინიგზა აღდგეს“,- აცხადებდა კვირიკაშვილი.
რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაცია და სარკინიგზო ხაზის აღდგენა რომ იგეგმებოდა, ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა Knews.ge-ს ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში განუცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის მისი მონაწილეობით არაერთხელ ჩატარდა.
,,სამინისტროებთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველთვის ვსაუბრობდი რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაციასა და სარკინიგზო ხაზის აღდგენის აუცილებლობაზე და მის დადებით შედეგებზე. ჩემი დიდი სურვილია, აღდგეს სარკინიგზო ხაზი, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ, ტურისტებსაც მოემსახურება.
ამ ეტაპზე კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის ხედვა გაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში, რათა მათი დახმარებით ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ბანკს რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოტანილი და ვფიქრობ, ამ პროექტს სწორედ ის დააფინანსებს. რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, გაგრძელდება შეხვედრები, როგორც დონორ ორგანიზაციასთან, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ და მას ერთიან პროექტად დავამუშავებთ’’,- ამბობდა გუბერნატორი.
კახეთში რკინიგზის აღდგენის იდეას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა და დღესაც წინასაარჩჩევნო პიარის ნაწილად აფასებს ოპოზიცია. ,,ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ლიდერი ნიკოლოზ ვარდოშვილი თვლის, რომ თუ ,,პროექტი რეალურად განხორციელდება, ეს მნიშვნელოვანი იქნება ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, რაც მოსახლოებას დაეხმარება, რომ თავისი პროდუქცია დედაქალაქამდე იაფად მიიტანოს და მისი რეალიზაცია გაუიოლდეს.
ასევე, დედაქალაქიდან- კახეთამდე, დისტრიბუციის სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგრამ რკინიგზის რეაბილიტაციას სჭირდება ძალიან დიდი თანხები. ადგილზე კი, ყველაფერი გაფუჭებულია და დამპალია, მათ შორის ,,შპალები“, რაზეც ლიანდაგები ეწყობა. მთელი ინფრასტრუქტურა გამოსულია მწყობრიდან და გაძარცვულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული მორიგი ტრიუკი არჩევნებისთვის“.
ვარდოშვილი გუბერნატორის მიერ აეროპორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს და ირწმუნება, რომ ,,როგორც აეროპორტის თემამ ჩაიარა, ასევე, ჩაივლის რკინიგზის თემაც, რადგან ამ ხელისუფლებას ელემენტარული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია, არათუ, -ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება“.
თუ ,,ლეიბორისტები“ ხელისუფლების მიერ ჩაგდებული პროექტების თვალსაჩინოებითვის თელავის აეროპორტის თემას იშველიებენ, ,,სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გელა გელაშვილი საქართველოს პარლამენტის თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის, ,,ცივიდან“-თელავამდე საბაგირო გზის გაყვანის შესახებ, ჯერჯერობით, შეუსრულებელ დანაპირებს იხსენებს და ამბობს, რომ ,,ხელისუფლებამ თვითონ არ იცის, რას ამბობს და რას აკეთებს“. თუმცა გელაშვილი აქვე დასძენს, რომ ,,თუ პროექტი რეალურად განხორცილდება, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, როგორც მოქალაქეების იაფი და კომფორტული მგზავრობისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე, ღვინის კულტურისა და მეცხვარეობის დარგის წინსვლისთვის“.
ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. არჩილ თხლაშიძე დარწმუნებულია, რომ არ არსებობს საკითხი, რომელსაც ოპოზიციონერები სკეპტიკურად არ შეხედავენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი ნებისმიერ თემას ,,კარიერული პოლიტიკური თვალსაზისით“ აფასებენ.
,,-ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თელავისთვის, არამედ, -მთლიანად კახეთისთვის. იცით, რომ ფაქტიურად, რკინიგზა აღარ მუშაობს და გაჩერებულია, ჯართის რამდენიმე ვაგონის გადაადგილებას თუ არ ჩავთვლით? ამ ბოლო წლების მანძილზე მხოლოდ მაგ დანიშნულებით მუშაობს რკინიგზა. ხომ წარმოგიდგენიათ, კახელი გლეხებისთვის რამხელა შვება იქნება. ეს ხომ ყველაზე იაფი სანტრანსპორტო საშუალებაა? შესაბამისად, პროდუქტების გასაყიდად ჩატანა თბილისში, თუ საქართველოს რეგონებში მათთვის ეს რამდენად შეღავათიანი იქნება? მოკლედ, ცალსახაა, რომ ეს მხოლოდ წაადგება კახეთის მოსახლეობას და არა მარტო მოსახლეოებას, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, აშკარად წინგადაგმული ნაბიჯი იქნება“.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციების და ნაადრევად დაანონსებული პროექტის ფონზე, კახეთის რკინიგზის აღდგენის მოლოდინშია რეგიონის მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორიც. თამარ ბოტკოვოლი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას- ,,თელავი ჩემი ქალაქია“ -ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ პროექტი კახეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან რკინიგზა მოსახლეობისთვის მგზავრობის იაფი საშუალება იქნება. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია სტრატეგიული, ტურისტული და ეკონომიკური ფაქტორიც.
სანამ ადგილობრივი საზოგადოება კახეთის რკინიგზის აღდგენის ავ-კარგიანობაზე მსჯელობს და რკინიგზის გადაბმის წერტილებს და მასშტაბებს ზომავს, ირკვევა, რომ ჯერ არც შესაბამისი პროექტი არსებობს და არც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულა.
ფოტოზე: წნორის რკინიგზის სადური 2019 წელი.
კახეთის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ ,,როდესაც კახეთის რკინიგზის შესახებ სამხარეო ადმინიტრაციაში განცხადება გაკეთდა, ეს იყო მხოლოდ მოსაზრება და ინიციატივა. ეს მოსაზრება ,,აზიის განვითარების ბანკს“ გაეგზავნა, რომ მისი მიზანშეწონილობა, რენტაბელურობა, მიმდინარე ხარჯები და ბენეფიციართა რაოდენობა შეესწავლა. ამ ბანკს მივმართეთ იმიტომ, რომ სწორედ ამ დონორი ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაა რკინიგზა, რომელსაც აფინანსებს. მაგრამ ეს ფონდი არ იღებს გადაწყვეტილებას, თუ არ მოხდა ყველა იმ საკითხის და შემადგენელი საზომი ერთეულის შესწავლა, რისი საშუალებითაც საბოლოო ჯამში პროექტის მიზანშეწონილობის საკითხი წყდება.
აღნიშნულ საკითხს კი, პროექტის ფორმა არც ჰქონია, ეს იყო მხოლოდ ხედვა. ამ ეტაპზე ,,აზიის განვითარების ბანკიდან“ რაიმე კონკრეტული პასუხი არ არის მიღებული და, შესაბამისად, არ შეგვიძლია ჯერ იმის თქმა, პროექტი დაიწყება, თუ არა“.
კახეთის რკინიგზის შესახებ მონაცემებს ,,ვიკიპედია“ და საქართველოს ისტორია ინახავს, რომლის მიხედვით, რეგიონში რკინიგზა 1915 წელს აუშენებიათ. იყო დრო, 90-იან წლებამდე, როდესაც ქვეყნის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აქტიურ რეჟიმში მოძრაობდა. ახლა კი, აქ მხოლოდ მიტოვებული, აბალახებული ტერიტორია, გაძარცვული შენობა-ნაგებობის ნარჩენებია და მწყობრიდან გამოსული სარკინიგზო ხაზია, რომელსაც იშვიათი ინტერვალებით ჯართის გადამზიდავი რამდენიმე ვაგონი ახმაურებს.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი