ლაგოდეხის მერია აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
უწყება აუდიტის დასკვნაში გამოკვეთილი 6 ინფრასტრუქტურული პროექტის უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც საუბარია როგორც სამშენებლო კომპანიების, ასევე მერიის მიერ გაწეულ საქმიანობებზე და მის შედეგებზე.
,,აუდიტის დასკვნაში საუბარია რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც აუდიტის დასკვნის მიხედვით განხორციელდა უხარისხოდ.
შპს “ინტერ პლიუსი” – ს მიერ განხორციელდა სოფელ თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ხელშეკრულება დაიდო 2017 წელს, საპროექტო ღირებულება შეადგენდა 418.457 ლარს, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 367.367 ლარი იყო. სამუშაოები დასრულდა 2018 წელს. ბაღის არსებული შენობა იყო ძველი და არასტანდარტული, პროექტმა რამოდენიმეჯერ განიცადა მშენებლობის მსვლელობის დროს კორექტირება. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია ჭერი (საკუჭნაოში რომელსაც არა აქვს ფანჯარა, ვერ ხდება განიავება) ჭერზე სისველის გამო გამოსული იყო ობი. არასტანდარტული, ძველი შენობის გამო, კედლების სწორად გამოყვანისათვის რიგ ადგილებში იყო გაჯით ნალესი 15-18 სმ, რამაც შრობის შემდეგ, გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიწვია ბზარების გაჩენა.ბაღი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ფუნქციონირებს შეუფერხებლად. სამშენებლო კომპანია კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გამოასწორებს აღნიშნულ ხარვეზს. აღსანიშნავია, რომ მომწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მუნიციპალიტეტის მიერ დაეკისრა საჯარიმო სანქცია და აღნიშნული ჯარიმა, 37.000 ლარი უკვე გადახდილია.
რაც შეეხება სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის ივლისში, სამუშაოების ღირებულება იყო 14.966 ლარი. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ფასადზე ჩამოცვენილია ბათქაში. ვაკონკრეტებთ, რომ საუბარია დაახლოებით 1-1,5კვ-მდე ფასადის ნალესზე”- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია სოფლებში გიორგეთში, ბოლქვსა და ჭაბუკიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
,, სოფელ გიორგეთში კულტურის სახლის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაფორმდა 2017წელს. სამუშაოების ღირებულება კი იყო 16.892 ლარი. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, შპაკლი და ბათქაში. დაზიანება ნამდვილად არის მაგრამ უმნიშვნელო მონაკვეთზე.
რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანში სტადიონის რეაბილიტაციას, გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება იყო 30 ათას ლარზე მეტი.
აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, ბათქაში, ასევე დაზიანებულია ლითონის კარი. დავაზუსტებთ, რომ მშენებლის ოფიციალური განმარტებით ხარვეზი გამოწვეულია არა უხარისხო შესრულებით, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფუნქციობის გამო. როგორც აუდიტის დასკვნის საფუძველზე და ასევე, ჩვენი მოკვლევის საფუძველზე ირკვევა, ძირითადად არის უმნიშვნელო და ტიპიური შენიშვნები, ნალესის, საღებავის და ბათქაშის ჩამოცვენასთან დაკავშირებით.
აუდიტის დასკვნაში ასევე ნახსენებია სოფ.ქვემო ბოლქვში ჭაბურღილის მოწყობის პროექტი, რომლის ღირებულება 52 ათას ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”, მათი დასკვნის საფუძველზე, სამუშაოების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 35.216 ლარით და მუნიციპალიტეტის მიერ ანაზღაურებული იქნა ეს თანხა. გარკვეული პერიოდის, დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ ჭაბურღილის გვერდით მიწის ზედაპირზე შეინიშნა წყლის ნაკადი. მუნიციპალიტეტს ჰქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია როგორც მშენებელთან, ასევე საზედამხედველო კომპანიასთან და მათი ოფიციალური განმარტების შედეგად დადგინდა, რომ ეს გამოწვეულია წყლის დამატებითი დებეტის წარმოქმნის გამო, რაც არანაირად არ უკავშირდება კონტრაქტორის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა წელს 17 იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი.
ყველა დასრულებულ ობიექტზე ექსპლუატაციაში მიღებამდე წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები, შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესახებ შესაბამისი აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ. სამ ობიექტზე ეს იყო მიმწოდებლის დაკვეთით შპს “საქართველოს ექსპერტიზისა და აუდიტის ეროვნული პალატა”, ასევე, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”. რაც ადასტურებს იმას , რომ ობიექტების ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
შპს “ვესტა დეველოპმენტი”-ს მიმართ, რომელიც აწარმოებდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და რომელიც ასევე ნახსენებია აუდიტის დასკვნაში, მუნიციპალიტეტს წამოწყებული აქვს სამართლებრივი დავა სასამართლოში და წარდგენილია შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნა.
აუდიტის მსვლელობის და პირველადი ანგარიშის გაცნობის შემდეგ აუდიტის სამსახურს მუნიციპალიტეტიდან ოფიციალურად გადაეგზავნა შეტყობინება. მიმართვაში მოყვანილი იყო განმარტებები და არსებითი გარემოებები გამოვლენილ შენიშვნებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო დასკვნაში ისინი ასახული არ არის. მიუხედავად ამისა
ყველა ის შენიშვნა და ხარვეზი რაც დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ”, – ნათქვამია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.