თვითმმართველობასტატიები

სიღნაღის 2020 წლის ბიუჯეტის ¼ სახელფასო ფონდსა და წარმომადგენლობით ხარჯებს მოხმარდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 8 მილიონ 930 ათასი ლარით განისაზღვრა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის დამტკიცებამდე იმავე დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვაც გაიმართა.

მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მესამე სექტორს. სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ ბიუჯეტის ¼ მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების ყოველთვიური შრომის ანაზღაურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის არის გათვალისწინებული.

ნინო გოგოლაშვილის შეფასებით, ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებები არ არის გათვალისწინებული და დაგეგმილია არამიზნობრივად.

„ჩვენი ვაპროტესტებთ, რომ 200 000 ლარია გამოყოფილი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების მანქანების საწვავისთვის. გაუგებარია, რაში ჭირდება 10 მანქანას 200 000 ლარის ბენზინი. გარდა ამისა, მერიასა და საკრებულოში ჯამში მუშაობს 120 ადამიანამდე, რომელთა ხელფასებისთვის, მივლინებებისთვის, ასევე წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გაწერილია 2 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის ¼-ია.

გამოდის, რომ დაახლოებით 6 მილიონი უნდა გაინაწილოს ქალქმა სიღნაღმა და დანარჩენმა 19-მა სოფელმა. ბიუჯეტი არამიზნობრივად არის დაგეგმილი. პრიორიტეტებსა და ხალხის საჭირობებზე არ არის მორგებული. გარდა ამისა, საჯარო განხილვაზე არც ერთი რიგითი მოქალაქე არ იყო. განხილვას ესწრებოდნენ მხოლოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა) იპ ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.

ოპოზიციამ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძირითადად მაღალჩინოსნების ფუფუნებაზეა მორგებული და არსებულ უამრავ გამოწვევას ვერ პასუხობს.

„ბიუჯეტში მთავარი ყურადღება გამახვილებულია სახელფასო ფონდზე, მუნიციპალური მანქანების საწვავის ხარჯზე, მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ მივლინებებზე და სარესტორნო ხარჯებზე.

ჩვენი ფრაქციის ინიციატივა და რეკომენდაცია იყო, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ყურადღება გამახვილებულიყო მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემის მოგვარებაზე, ასევე სოციალური მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილიყო საბიუჯეტო სახსრები, თუმცა ამ სფეროს დაფინანსებას ძალიან მცირედით, დაახლოებით 50 000 ლარით მოიმატა, რაც აცდენილია მძიმე სოციალურ ფონს. სწორედ ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ბაბაკიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ოპოზიციისა და მესამე სექტორის მოსაზრებებს არ იზიარებენ.

მერის მოადგილე მალხაზ ბეგიაშვილი ირწმუნება, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ მოსახლეობის საჭირობებისა და ინტერესების მიხედვით დაიგეგმა, რადგან კახეთში პირველად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების მიერ პროექტად დამუშავებული 25-მდე ინიციატივა დაფინანსდა.

,,სამოქალაქო ბიუჯეტის შემუშავების ფარგლებში საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რისი მეშვეობითაც მათ თვითონ გადაწყვიტეს თუ რაში უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომელსაც თავისი კოორდინატორები ყავდა. ჩატარდა მოსახლეობასთან შეხვედრები და მოხდა მათ მიერ დამუშავებული ინიციატივების განხილვა. ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 500 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება კონკრეტულ სოფლებში კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად.

სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და მნიშვნელოვანია, რომ სიღნაღში ხდება მისი განხორციელება.

ჩვენ ამ პროექტში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდის ხელშეწყობით ჩავერთეთ’’,– განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ბეგიაშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება რჩება.

„ინფრასტრუქტურული პროექტები 3 მილიონ ნახევარი ლარით დაფინანსდება რეგფონიდან. ეს მოიცავს სკოლების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, სტიქიის პრევენციას, საბავშვო ბაღების და ამბულატორების რეაბილიტაციას და სასმელი წყლის ხარისხის და სისტემის გაუმჯობესებას.

ჩვენ გვაქვს მწირი ბიუჯეტი სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით და ვცდილობთ ეს თანხები მაქსიმალურად მოვარგოთ მოსახლეობის ინტერესებს.

მეტი პროექტის განხორციელებას, მეტი ფინანსური რესურსი ჭირდება. ამ მწირი რესურსებით ყველაფერს ერთნაირად ვერ გავაკეთებთ’’,-აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.