თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.
საბჭოს მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესება საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობები და მათი ინტეგრაციის საკითხით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საკითხის განხილვაში.
სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში განხორციელებული სხვადასხვა სოციალურ – ეკონომიკური პროექტის შესახებ ანგარიში წარადგინეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2019 წელს გადადგმულ ნაბიჯებსა და 2020 წლისათვის დასახულ ამოცანებზე, საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„ჩვენს სახელმწიფოს სამოქალაქო თანასწორობისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია გააჩნია. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ფუნქციონირებს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც რეგიონალურ მმართველობასთანაა დაკავშირებული. კახეთის საკონსულტაციო საბჭო აქტიურად მუშაობს. ასეთი საბჭოს სხდომაც უკვე არაერთხელ გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ საბჭო წარმოდგენილია ეთნიკური უმცირესობებით, რომლებიც დასახლებულები არიან კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ სხდომის ფარგლებში მათ საშუალება აქვთ დააფიქსირონ პოზიციები და მოსაზრებები პოლიტიკურ მონაწილეობასა თუ საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, გამოთქვან საკუთარი ხედვა გადაწყვეტის გზებსა და პერსპექტივებზე. ჩართულნი იყვნენ როგორც სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, ისე ახალი გეგმების დასახვის პროცესში.
მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, გეოგრაფული საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი ქვეყანაში თანასწორი და თანაბარუფლებიანები არიან და ყველა ის შესაძლებლობა და სიკეთე, რასაც სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
სხდომაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები.