“რეგულაციების გამკაცრებას კიდევ ველოდებით” – ქართველების დამსაქმებელი პოლონეთში
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ მიიღებენ. ქვეყანაში აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ სამსახურის დაწყება. ამიერიდან კი, პოლონეთში სამუშაო ნებართვის მისაღებად ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პოლონეთში ქართველების დასაქმებაზე მომუშავე HR რეკრუტორმა, ირინა ნამიჭეიშვილმა განუცხადა, შესაძლოა, ამოქმედებული რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, ცვლილებების ამოქმედებამდეც გახშირებული იყო უარი გამარტივებული წესით დასაქმებაზე.
„აქამდე გამარტივებული წესით ანუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებით დასაქმება 2 სამუშაო კვირას მოითხოვდა. ახალი რეგულაციით სრულყოფილი სამუშაო ნებართვა გახდა საჭირო და ეს პროცედურები დაახლოებით 3-4 თვემდე იწელება. ამას ემატება ისიც, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ნებართვა. თუ აქამდე უფასოდ ვაკეთებდით სამუშაო ნებართვას ან მცირედს იხდიდა კანდიდატი, ახლა მოუწევს მინიმუმ 400 ზლოტის გადახდა.
მხოლოდ მე თვეში საშუალოდ 40 ადამიანზე მეტს ვასაქმებდი. კანდიდატების უმრავლესობა მოდიოდა ოჯახებით. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, პოლონეთი აქამდე იყო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ მარტივად ხდებოდა ლეგალიზაცია. მომხიბვლელი იყო პოლონეთი იმიტომ, რომ ბინადრობის საბუთებიც ბევრად მარტივად მზადდებოდა ვადებში. შესაბამისად, ჩამოდიოდნენ საქართველოში ოჯახების სანახავადაც და მერე ისევ უკან მიდიოდნენ სამუშაოდ. ჩათვალეთ, ამ ყველაფერს ვემშვიდობებით.
თანაც, კიდევ ველოდებით ცვლილებების ამოქმედებას. ეს უკვე ამ საბუთის აღებასაც გაურთულებს ქართველებს. ამ კონკრეტულ ეტაპზე, უმოკლეს ვადაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ პულსზე გვიჭირავს ხელი. მალე შეიძლება ისე მოხდეს, რომ კანონით იქნება მხოლოდ დასაშვები დასაქმება, მაგრამ პრაქტიკაში ეს შეუძლებელი გახდება. ცვლილებები კიდევ თუ დაემატა, მაშინ უკვე ლეგალიზაციის თემასთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები. საკმაოდ რთული გახდება საბუთის აღება, ერთეულები შეძლებენ ამ ყველაფერს ისე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში. ქართველები კი ასე მასიურად იმიტომ მიდიოდნენ პოლონეთში, რომ აქ ბევრად მარტივი იყო ლეგალიზაცია.
გამარტივებული წესით დასაქმებასთან დაკავშირებითაც ამ ბოლო პერიოდში უკვე არაერთი უარი მოგვდიოდა. აკვირდებიან ადამიანის ბოლო 2 წლის დოსიეს, რამდენჯერ შეიცვალა კანდიდატმა სამუშაო, როდის ჩამოვიდა, სად მუშაობდა. ბოლო დროს ახსნა-განმარტებებს ჩვენც გვთხოვდნენ. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ გაუკეთდა ნებართვა და აღარ გამოცხადდა ან გამოცხადდა, მაგრამ არ იმუშავა“, – განაცხადა ირინა ნამიჭეიშვილმა.
რა სახელდება პოლონეთის დასაქმების ბაზარზე ქართველებთან მიმართებაში რეგულაციების გამკაცრების მთავარ მიზეზებად, HR რეკრუტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და პოლონეთში ამაზე ღიად საუბრობენ. მისივე თქმით, პრობლემები იყო ქართველების ყოფაქცევასთან დაკავშირებითაც. თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც პოლიტიკურია.

