წინანდალში სამოქალაქო ორგანიზაციების ყოველწლიური გამოფენა გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციის მედია ცენტრი კახეთის და კახეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით, წინანდალში სამოქალაქო ორგანიზაციების ყოველწლიური გამოფენა EXPO 2020 გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განხორციელებული საქმიანობების შესახებ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია. მცირე და საშუალო მეწარმეებმა კი წარმოებული პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს.
მედია ცენტრი კახეთის დირექტორის, მაია მამულაშვილის განმარტებით, ეს იყო შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა წარმოებული პროდუქციის თუ განხორციელებული პროექტების, პროგრამების და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
,,სამოქალაქო ორგანიზაციების EXPO, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების განვთარების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავდა ერთგვარ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას და წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიწოდებას საზოგადოებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათი ნამუშევრების, პროგრამების და პროექტების წარმოდგენა.
გამოფენამ საშუალება მისცა ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმე ქალებს მათ მიერ წარმოებული ადგილობრივი პროდუქტები წარმოედგინათ. მსგავსი ღონისძიება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა წარმატებები ვუსურვო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თანამშროლობენ და მომავალშიც ითანამშრომლებენ მედია ცენტრ კახეთთან’’,- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.