თელავში ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტს ,,მედია ცენტრი კახეთი“ ორგანიზაცია ,,World Vision”-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით 7 თვის განმავლობაში პროექტს ,,ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“ ახორციელებდა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სოციალურ სექტორში მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესების გზით.
პროექტი სამ მუნიციპალიტეტში, თელავში, გურჯაანსა და ყვარელში ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობების ერთობლივი მუშაობით მომზადდა ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს სოციალური პროგრამების დახვეწასა და სრულყოფაში დაეხმარება.
მედია ცენტრი კახეთის დირექტორი, მაია მამულაშვილი განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში მოხდა მუნიციპალური სოციალური პროგრამების კვლევა და ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელშიც როგორც სერვისის მიმღები პირები, თვითმმართველობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
,,სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. მუშაობის დროს თვითმმართველობების ჩართულობით ჩატარდა მთელი რიგი აქტივობები, ასევე მუნიციპალური სოციალური პროგრამების კვლევა. საბოლოო ჯამში ჩვენ შევიმუშავეთ ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც იქნება მერიებისთვის ერთგვარი სამაგიდო წიგნი მომავალში სოციალური პროგრამების დასაგეგმად. ასევე სამივე მუნიციპალიტეტისთვის ცალკე შემუშავდა შშმ და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროგრამები და ინიციატივები. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული თავად თვითმმართველობა”, – განაცხადა მაია მამულაშვილმა.