კორუფციის სავარაუდო ნიშნები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში
მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერები ყოველთვის უამრავ კითხვას ბადებს და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ხელისუფლებას ამ მიმართულებით მთელ რიგ რეკომენდაციებს აძლევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ტენდერებთან დაკავშირებით ჩაატარა კვლევა. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზმა გამოკვეთა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარ ივანე მირიანაშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესები და კორუფციის ნიშნები.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ივანე მირიანაშვილის შვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა, 2013-დან 2019 წლის ჩათვლით, ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს. საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოში მიუთითებენ, რომ ივანე მირიანაშვილის სამოხელეო და სამეწარმეო საქმიანობაში არსებობს გარემოებები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
ივანე მირიანაშვილის საოჯახო კომპანიები
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით, ივანე მირიანაშვილის შვილი, დავით მირიანაშვილი სწორედ მაშინ იღებს გამარტივებულ შესყიდვებს და ელექტრონულ ტენდერს, როდესაც მისი მამა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ხდება.
ორგანიზაციის მტკიცებით, შპს “სეივონმა” , რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი დავით მირიანაშვილია, სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 43 910 ლარის ღირებულების 1 ტენდერი მიიღო 2019 წლის 15 მაისს, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო, გაერემონტებინა ნუკრიანის მე-2 და წნორის პირველი საჯარო სკოლები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი განსაზღვრული იყო 37 212 ლარი (დღგ-ის გარეშე).
,,2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან შპს “სეივონმა” ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. დავით მირიანაშვილთან 10 წუთის ინტერვალით გაფორმდა 2 ხელშეკრულება. თითო ხელშეკრულების ღირებულება 20 000 ლარია. ეს გამარტივებული შესყიდვები შპს “სეივონმა” მიიღო, რათა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ანაგასა და ნუკრიანში სკვერები მოეწყო.
თავად ივანე მირიანაშვილსაც აქვს ბიზნესი – იგი არის კომპანია შპს “მ.ს. მშენის” დამფუძნებელი.
ამ კომპანიამ 18 510 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2015 წელს მიიღო, როდესაც ივანე მირიანაშვილი იყო პარტია „ქართული ოცნების“ სიღნაღის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
“არაძირითადი” კომპანიების ძირითადი შემოსავლები
ივანე მირიანაშვილს დეკლარაციაში, სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში, “არაძირითად საწარმოდ” მითითებული აქვს ორი კომპანია, შპს „ინტერ პლიუსი“ და შპს „ორბა 7“, რომლებშიც თავად მირიანაშვილი წილობრივად არ მონაწილეობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” ცნობილი გახდა მათი მფლობელებისა და ივანე მირიანაშვილის მეგობრობის ფაქტი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიუთითებენ, რომ დეკლარაციაში მოცემულმა ინფორმაციამ ფაქტობრივად დაადასტურა ამ კომპანიებსა და მამა-შვილ მირიანაშვილების კომპანიებს შორის არსებული კავშირი, რაც გახდა ამ კომპანიების საქმიანობის შემდგომი შესწავლის საფუძველი.
,,შპს „ინტერ პლიუსი“ (ს/კ 240420193, რეორგანიზაციამდე – შპს „ქიზიყი 2008“) მითითებულია ივანე მირიანაშვილის დეკლარაციაში, როგორც არაძირითადი საწარმო. აღნიშნული შპს-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე 2019 წლის 23 იანვრამდე იყო ოთარ ბიძინაშვილი, რომელიც მითითებულია პარტნიორად არაძირითად საწარმოში. შპს “ინტერ პლიუსმა” 2013-2015 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიიღო 883,360 ლარის ღირებულების 49 გამარტივებული შესყიდვა.
2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე შპს „ინტერ პლიუსმა“ მოიგო 3 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი ღირებულების 41 ტენდერი, საიდანაც 20-ში შპს „ინტერ პლიუსი“ იყო ერთადერთი მონაწილე და გაიმარჯვა უკონკურენტოდ.
ოთარ ბიძინაშვილის კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან ჯამში 4 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი მიიღო.
შპს „ორბა 7“ , რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ვიქტორ ორდინიძე, ივანე მირიანაშვილის დეკლარაციაში მითითებულია არაძირითად საწარმოდ, რომელიც უკავშირდება შპს „სეივონს“, რომელიც დავით მირიანაშვილის კომპანიაა.
შპს „ორბა 7“-მა 2019 წლის აგვისტოში გაიმარჯვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც ის იყო ერთადერთი პრეტენდენტი. ტენდერში კონკურენტების არარსებობა დამატებით კითხვებს აჩენს. აღნიშნული ტენდერის ღირებულება შეადგენს 341 367 ლარს. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ 2018-2019 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 386, 461.98 ლარის ღირებულების 4 გამარტივებული შესყიდვა მიიღო შპს „თი ენ სიმ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ლევან ბიძინაშვილი, შპს „ინტერ პლიუსის“ დირექტორის, ოთარ ბიძინაშვილის შვილი.
ლევან ბიძინაშვილის საკუთრებაშია შპს „ცოტნე“ , რომელმაც 2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან მიიღო 42,647 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა’’,-აცხადებენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „სეივონის”, შპს “მ.ს.მშენის”, შპს „ინტერ პლიუსის”, შპს “ორბა 7”-ის, შპს “თი ენ სის” და შპს “ცოტნეს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს ტენდერები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული.
knews.ge ცდილობს აღნიშნულ საკითხზე საპასუხო კომენტარების მოპოვებას, თუმცა ივანე მირიანაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.