ახალი ამბებისტატიები

არასამთავრობოები- ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის მოტყუებისთვის ფულს არ უნდა ხარჯავდეს

ფეისბუქმა საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან ფეისბუქის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ანგარიშები ადგილობრივ აუდიტორიაზე იყო ფოკუსირებული და საქართველოში იყო შექმნილი, რომელიც მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.
ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ვინაობა და ერთმანეთთან კოორდინაცია, გამოძიებამ ისინი სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და “ქართული ოცნების” მიერ მართულ მთავრობასთან დააკავშირა.
აღნიშნული ფაქტი უარყოფითად და უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
,,სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის წარმომადგენელი, არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ჭკვიანი ამომრჩეველი ტყუილს ადვილად სცნობს, თუმცა ის ფაქტი, რომ მათ მოტყუებაში მთავრობა ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავს დაუშვებელია.
,,ქართული ოცნება’’ ტყუილში გვაცხოვრებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამაში მუდმივად ჩვენსავე ფულს იხდის. ფეისბუქის ,,ტროლების ქარხანის’’ მუშაობა არ არის პრობლემა, რადგან გონიერი ამომრჩეველი ანსხვავებს ერთმანეთისაგან ტყუილს და მართალს, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ამაში ბიუჯეტის ფული იხარჯება.
ჩვენ ხელისუფლება იმისთვის გვინდა, რომ მოგვემსახუროს და არა პირიქით. ტყუილებით რომ გვკვებავს წინ ვერ წავა ვერც მთავრობა და ვერც ხელისუფლება. ,,ქართული ოცნების“ მმართვეპლობა ძალიან გავს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას. მათ თუ რამე გაუკეთებიათ ცუდი, ახლანდელმა მთავრობამ თავის მმართველობაში გადმოიტანა’’ ,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტების გამოაშკარავება, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმაციისკენ არის მიმართული.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ გააუქმა გვერდები. ეს ფაქტობრივად აღიარებაა იმის, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებული ამბავი ,,ტროლების ქარხანა“ მარლაც მუშაობდა.
არადა ამას ყველა უარყოფდა, როგორც მონაწილე, ასევე დამფინანსებელი მხარე. მნიშვნელოვანია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა ამ გვერდების თუ ჯგუფების შესწავლა, დაითვალა მათ მიერ გაშვებული პოსტების რაოდენობა და დაადგინეს ამაში რა თანხა დახიხარჯა.
არ აქვს მნიშვნელობა სახელისუფლებო თუ სხვა მხარე იყო ამისი მონაწილე. დაახლოებით მილიონ ლარს როცა ხარჯავ საკუთარი მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაში, ეს არის სრულიად გაუგებარი ფაქტი’’, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა იმერლიშვილი. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მოხდა გამოვლენა იმ ჯგუფების, რომლებიც მოსახლეობაზე ზეგავლენას ახდენენ.
,,სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არის დეზინფორმაცია და მიმართულია მოსახლეობის სიცრუეში შეყვანისკენ, უნდა იყოს აღმოჩენილი შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ. რომელიმე პოლიტიკური პატრიის, პოლიტიკოსის დისკრედიტაცია ან/და მისი საქმიანობის არაწორად წარმოჩენა და პოპულარიზაცია, რომლის მიზანი მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენაა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილი’’, განაცხადა ლიკა იმერლიშვილმა.