დედოფლისწყაროსა და თუშეთში ბიოსფერული რეზერვატების შექმნა იგეგმება
კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატების შექმნა იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ითვალისწინებს, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას.
უწყების ცნობით, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით დაგეგმილია, შეიქმნას სრულყოფილი ნომინაციის დოკუმენტი იუნესკოს სამდივნოში წარსადგენად.
,,ბიოსფერული რეზერვატის მიზანია, გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობები დაუქვემდებაროს მწვანე ეკონომიკის წესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ბიოსფერული რეგიონები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, ის განსაზღვრავს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაარსებობას”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
პროექტი ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.