მთავრობა ფქვილის ფასს 10 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პურზე ფასი არ მოიმატებს.
ეს განცხადება მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მომავალი კვირიდან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასს დაასუბსიდირებს. გარდა ამისა, მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი საკმარისია და მიწოდების წყვეტა არ იქნება.
„ფქვილის ფასი ქვეყანაში ძვირდება და ეს შეიძლებოდა პურის ფასზე ასახულიყო. გაკეთდა განცხადებები ასოციაციების მიერ, რომ განიხილებოდა სუბსიდირების გარკვეული სქემები. ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. პური განსაკუთრებული პროდუქტია, ამიტომ ვმუშაობდით მუდმივად. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასის სუბსიდირება მოხდება ისე, რომ შევინარჩუნოთ ფასი, რაც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. სუბსიდირება მომავალი კვირიდან განხორციელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი განმარტებით, განისაზღვრა, რომ 1 ტომარა, 50 კგ-იანი პურის ფქვილის ფასი არის 53 ლარი და წისქვილები ამაზე მეტ ფასად ფქვილს არ გაყიდიან.
„სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია იქნება არა უმეტეს 10 ლარისა. წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, იქნება კონკურენციაც და მთავრობა ეცდება, რაც შეიძლება ნაკლები დაიხარჯოს. სუბსიდირების ყოველთვიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 – 2,5 მლნ ლარია, რაც სრული პროგრამის განმავლობაში ბიუჯეტს, დაახლოებით, 10 მლნ ლარი დაუჯდება“, – აღნიშნა მინისტრმა.