ახალი ამბები

საქსტატი: რძის ნაწარმი 15%-ით გაძვირდა, ხორცი – 13%-ით, თამბაქო კი – 30%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რძის ნაწარმი 15%-ით გაძვირდა, ხორცის ფასმა 13%-ით მოიმატა, პურის ღირებულება 12%-ით გაიზარდა, ხოლო თამბაქო კი – 30%-ით.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის განახლებული მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 7%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია.

,,ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16%), რძე, ყველი და კვერცხი (15%), თევზეული (14%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13%), პური და პურპროდუქტები (11%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4%), ზეთი და ცხიმი (3%);

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები გაიზარდა 15%-ით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4%).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3 პროცენტიანი მატება. ფასმა მოიმატა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3%)”,- აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.