რამდენით გაძვირდა ერთ წელში ზეთი, თევზეული, რძის ნაწარმი და პურპროდუქტები
ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა, – აღნიშნულ ინფორმაციას “საქსტატი” აქვეყნებს.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 6 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი).
საქსტატის ინფორმაციით, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით.