პანკისში მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულები არიან 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რომელიც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმის შვილია. მისივე ნათესავია რამაზ ხანგოშვილიც. მოკლული ვისი მუთოშვილის ახლობლები სწორედ მურად ქავთარაშვილს ასახელებენ შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად და შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელად.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკსის ხეობის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 36 წლის ვისი მუთოშვილი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მურად ქავთარაშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
მოკლულის ნათესავი კი ამ ვერსიას არ ეთანხმება და მომხდარს პანკისში ჰესის მშენებლობას უკავშირებს.