კახეთში 19 ადგილი საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა
მთავრობამ კახეთის რეგიონში 19 ადგილი საპრივატიზებო ნუსხაში შეიტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპროვატიზებო რუკის მიხედვით, 4 ადგილის პრივატიზება იგეგმება თელავის მუნიციპალიტეტში, 6 – გურჯაანში, 1 – ყვარელში, 3 – საგარეჯოში, 1 – დედოფლისწყაროში და 4 – სიღნაღში.
უწყების ოფიციალურ გვერდზე ასევე მითითებულია თითოეული ადგილის საკადასტრო კოდი, ფართობი, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი და დანიშნულება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, კახეთში არსებული 19 ადგილიდან 6 ადგილის დანიშნულება სასტუმრო და საგანმანათლებლო დაწესებულებაა, 9 – ადგილის სამრეწველო/სასაწყობე მეურნეობა, 2 – სავაჭრო ობიექტი და1 – სპორტული ინფრასტრუქტურა.
“100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა.
საპრივატიზებო ობიექტები სხვადასხვა მახასიათებლის გარდა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში”,- აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალის ფარგლებში სულ 117 ობიექტს გაყიდის, რომლის საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.
“საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს ობიექტები, რომლებზეც ყველა შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მორგებული არის გრგ-ს, წინასწარ არის შეფასებული და თან ერთვის ჩვენი რეკომენდაცია, თუ რა სახის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს ადგილზე.
თავისი შედეგით ეს პროექტი არის უპრეცედენტო. სხვა ყველაფერთან ერთად ეს არის 2500 ახალი სამუშაო ადგილის პერსპექტივა. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.