გვარებს შორის დაწყებული დაპირისპირება პანკისში – ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოლაპარაკება იწყება
ქავთარაშვილების ოჯახში პანკისის ხეობის უხუცესები იმყოფებიან. დღევანდელი შეხვედრა საკობიანოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
ქავთარაშვილებმა, რომლებმაც მუთოშვილებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღეს, ახლა უხუცესებთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმით არის შესაძლებელი მეორე მხარესთან მოლაპარაკება.
ქავთარაშვილების გარდა, მუქარა ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილებისა და ალდამოვების გვარზეც ვრცელდება.
შეხვედრაზე, რომელიც მედიისგან დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, მხარეებს შორის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას განიხილავენ.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკსის ხეობის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 36 წლის ვისი მუთოშვილი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
მოკლულის ნათესავი კი ამ ვერსიას არ ეთანხმება და მომხდარს პანკისში ჰესის მშენებლობას უკავშირებს.
ფოტო: pia.ge