პანკისის ხეობაში მომხდარი ძალადობის მსხვეპლი მამა-შვილის საქმის განხილვა დაიწყო
„უფლებები საქართველო“ პანკისის ხეობაში მომხდარი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მამა-შვილის ინტერესებს დაიცავს.
„უფლებები საქართველო“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში და სასამართლოში წარმომადგენლობას გაუწევს და დაიცავს ნიკოლოზ (გელა) წელაურისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს. 2020 წლის 8 აგვისტოს, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში სამი ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მამა-შვილს იმ საფუძვლით, რომ მათ შორტები ეცვა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად თავდამსხმელებმა გელა წელაურს ხელი მოტეხეს, მისმა შვილმა კი სხვადასხვა სიმძიმძის დაზიანებები მიიღო.
გელა წელაურმა „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა, რადგან სამართალდამცავი ორგანოებისთვის დროული მიმართვის, თავდამსხმელების იდენტიფიცირების და მიღებული დაზიანებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, მას დაზარალებულის სტატუსი ჯერ მინიჭებული არ ჰქონდა და ხოლო სავარაუდო დამნაშავეები ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკავებულები.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ გელა წელაურს და მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, ხოლო სწრაფი და ეფექტური გამოძიების შედეგად დროულად მოხდეს მოძალადეების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატი დღეიდან აქტიურად ჩაერთვება ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, აგრეთვე განცხადებით მიმართავს პროკურატურას, რათა ძალადობაში მონაწილე პირებს ბრალი დროულად წარედგინოს.