თელავის 2020 წლის ბიუჯეტში მოქალაქეთა ინიციატივები განიხილება
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ინიციატივების დაფინანსებაზე იმსჯელეს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა საკრებულოს კომისიებში მიმდინარეობს. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც მუნიციპალურმა სტრუქტურებმა მოქალაქეთა ინიციატივების დაფინანსების საკითხი რეალისტურად მიიჩნიეს და რეკომენდაციით მერიას მიმართეს.
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონს აღწევს. მომავალ წელს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდა, ახალგაზრდული, სპორტული, სოციალური და ჯანდაცვა იქნება.
თელავის საკონსულტაციო საბჭომ, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციები და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი, მოქალაქეების მიერ ინიცირებული 7 ინიციატივა შეარჩია, რომელთაგან მუნიციპალიტეტმა 6 ინიციატივის დაფინანსება დასაშვებად მიიჩნია:
- პანდუსების მოწყობა თელავის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში და პარკ ნადიკვართან.
- სააკაძის ქუჩაზე ე.წ იორდანეს წყალთან არსებული კედელი გამოყოფილი იქნეს სტრეეტ არტ – ისთვის. (მაგალითად, ქალაქ თელავის ღირშესანიშნაობების რუკა).
- ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების – ზებრების განახლება/გადაღებვა და შუქნიშნების მოწესრიგება.
- თელავის ბაზართან ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებისათვის ტროტუარების მოწესრიგება და ტაქსების გაჩერების ადგილის რეგულირება.
- შშმ პირებისთვის ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა;
- ქალაქ თელავში რუსთაველისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე განთავსებული საკომუნიკაციო ჭების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მოქალაქეთა ინიციატივების მობილიზაციისათვის რეგიონში ახალი სამოქალაქო პლატფორმა www.initiative.ge შეიქმნა. დარეგისტრირებულ ინიციატივებს საკონსულტაციო საბჭო განიხილავს, რომელთაც რეკომენდაციის სახით მერიას წარუდგენს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი განმარტავს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, როგორც ეს კანონით არის დადგენილი, გადაგზავნილია საკრებულოში და მიმდინარეობს მისი კომისიებში განხილვა. განხილვის დასრულების შემდეგ შენიშვნებით პროექტი მერიას დაუბრუნდება, რის შემდეგ დასრულებული სახით საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
თელავის მერის განცხადებით, ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის წელსაც ინფრასტრუქტურული მიმართულება, სოციალური და ჯანდაცვის, სკოლამდელი აღზრდის, ახალგაზრდული და სპორტული მიმართულებებია.
„2020 წლის ბიუჯეტში მატება გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაახლოებით მილიონნახევარზე მეტით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება 630 000 ლარის ოდენობით, სკოლამდელი აღზრდა დაახლობით 255 000 ლარით, ახალგაზრდული და სპორტის მიმართულება კი 455 000 ლარით. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს სათნოების სახლის დაფინანსების გაზრდა ’’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
ბიუჯეტის დამუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო მოქალაქეთა ინიციატივები და საჭიროებები. მისივე თქმით, წელს დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორიც, რაც საბოლოოდ გამჭვირვალე და შედეგიან მუშაობას შეუწყობს ხელს.
,,როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე მოქალაქეების აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ეს აქტიურობა და ჩართულობა უფრო შედეგიანი იქნება’’,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტში დაფიქსირებულ ხარვეზებზე საუბრობს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე ბაადურ რევაზიშვილი.
მისი თქმით, ფრაქციას ბიუჯეტის პროექტის გაცნობის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა არის საკითხები, რაზეც მათ შენიშვნები აქვთ. ბაადურ რევაზიშვილის განცხადებით, ისინი დაამუშავებენ შენიშვნებს და საკრებულოს წარუდგენენ.
„შენიშვნები ამ ეტაპზე რაც გვაქვს არის ის, რომ მეტად გასაზრდელია თანხები სოციალური და ჯანდაცვის კუთხით იმიტომ, რომ ამ დროისათვის მერიაში თანხები ამოწურულია მედიკამენტებზე და ონკოლოგიური დაავადებებზე მოქალაქეებისთვის გასაცემი თანხები. ამ მიმართულებით ჩვენი ხედვაა ასეთი, რომ რაც შეიძლება გაიზადოს თანხები. ვფიქრობთ თანხების ამოწურვა გამოიწვია იმან, რომ ყბადაღებულმა საყოველთაო ჯანდაცვამ, რომელიც წინა წლებში ყველას აფინანსებდა და წელს სხვაგვარად არის დაფინანსება. პირებმა არ იციან ეხებათ თუ არა ეს დაფინანსება და ყველამ დაიწყო მერიასთან მიმართვა.
შენიშვნა გავქვს იმაზეც, რომ კულტურის ცენტრი აპირებს50 000 ლარზე მეტიანი ჩამწერი სტიუდიის ყიდვას. ვფიქრობთ ასეთ მძიმე სოციალურ ფონზე ამის საჭიროება არ არსებობს. თუ არის ვინმე მსურველი, ვისაც ამ სტუდიის გამოყენება უნდა, არიან კერძო პირები, რომლებიც ამ საქმიანობას ახორციელებენ და მათი მომსახურებით ისარგებლონ.
ვფიქრობთ ეს არისზედმეტი ხარჯი. გარდა ამისა, ა(ა)იპ ო რგანიზაციები ითხოვენ თანხის გაზრდას და ჩვენ ვაპირებთ წერილობით მივმართოთ მერიას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ კი არ ვიცოთ კონკრეტულ ა(ა)იპ ორგანიზაციაში რა რაოდენობის თანამშრომელი ყავთ, ვინ ყავთ ან რა პროფესიული კუთხით აყვანილი. ადრეც ვსაუბრობდით იმაზე, რომ შტატები ხელოვნურად იყო გაზრდილი. საბოლოოდ ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, შენიშვნები გვექნება და ამას საკრებულოში აუცილებლად წარვადგენთ ’’,- განუცხადა knews.ge ბაადურ რევაზიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქციების მიერ დოკუმენტის განხილვის დასრულებისთანავე, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით კვლავ მერიას დაუბრუნებს, რომელიც თავის მხრივ, შენიშვნებს გაითვალისწინებს და საბოლოოდ დასამტკიცებლად კვლავ საკრებულოს გადაუგზავნის.