TI – მუნიციპალური სამსახურები ნაქირავებ შენობებში მუშაობენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ნაწილი ცალკეული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს, ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებით სარგებლობს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის საკუთრებაშია ის შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, სხვების მსგავსად თელავის მუნიციპალიტეტს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული აქვს 3 შენობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის საკუთრებაშია ის შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება.
როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
საქართველოში დეცენტრალიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ გააჩნიათ, მეტიც – მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა.
საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ხელისუფლება ამჟამად 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თუ რა სახის და ოდენობის ქონება შეიძლება გადაეცეთ თვითმმართველობებს საკუთრებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადადგან ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობების გაძლიერებისათვის და მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცენ ყველა ის ქონება, რაც, ერთის მხრივ, აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტებს გაუჩენს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ამასთანავე პრობლემურია შემდეგი გარემოებაც – დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან, რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასაც და თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიასაც”,– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.