რა არის თელავის კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობის მიზეზები
თამთა ყარაულიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს.
თუ ქალაქ თელავში თავის მეგობრებთან ერთად საღამოს გატარებას მოინდომებს, სახლში აუცილებლად ტაქსით დაბრუნება მოუწევს, რადგან საღამოს 6 საათის შემდეგ სოფლებისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. ხანდახან კი თავის სოფლამდე 10 კილომეტრი ფეხითაც უვლია.
მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქაური ახალგაზრდებისთვის ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქში საღამოობით ტარდება.
,,განათლება და კულტურა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რათქმაუნდა ეს არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ვერ მიიღონ იმ პროექტებში მონაწილეობა რაც ქალაქში იმართება.
ისედაც ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან ყველაფერს, რადგან სოფლებში არაფერი არ ხდება და სადაც ხდება იქაც ვერ მიდიან მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო.
მაგალითად როცა ნიკოლოზ რაჭველი და სიმფონიური ორკესტრი იყო თელავის თეატრში ჩამოსული, იმის გამო რომ საღამოს მიმდინარეობდა, ვერც მე და ვერც ჩემმა ბევრმა მეგობარმა ვერ მოვახერხეთ დასწრება იმიტომ რომ არ ვიცოდით სახლში რითი დავბრუნებულიყავით’’,-განუცხადა knews.ge-ს თამთა ყარაულაშვილმა.
ქალაქ თელავსა და კახეთის სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო მოძრაობის“ დახმარებით თვითმმართველობაში მათ შეიტანეს ინიციატივა, სადაც ითხოვენ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს სოფლებში არაფორმალური განათლების და გართობის სივრცეების შექმნა ახალგაზრდებისათვის. ისინი ასევე ითხოვენ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართვას.
,,სკოლიდან რომ გამოვდივართ, წასასვლელი არ გვაქვს, რომ საღამოს შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, დავაორგანიზოთ ღონისძიება, არ არის ამისი არც სივრცე, არც თავისუფალი ადგილი.
სოფლებში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად სოფელ აკურაში ერთადერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, ისიც საღამოს 6 საათამდე და არის საშინელი პირობები. იქ საერთოდ რაიმე ღონისძიებების დაგეგმვაზე ლაპარაკი არც არის’’,– განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებნა ანა ჯანელიძემ.
ახალგაზრდები ითხოვენ, რომ თელავშიც გაიხსნას გასართობი დაწესებულებები.
,,კინომანი ვარ და ძალიან მინდა თელავში კინო იყოს, თუმცა კინომ როგორც ვიცი არ იმუშავა როდესაც ფუნქციონირებდა, იმიტომ რომ ახალგაზრდები არ დადიოდნენ. ამბობენ პიარი ეკლდაო. მეც მაგალითად გვიან გავიგე თელავში რომ კინო არსებობდა. ის ჩემთვის ერთ-ერთი განსატვირთი ადგილი იქნება და გასართობიც,’’- განაცხადა ადგილობრივმა ანა ხეჩიაშვილმა.
თელავსა და სოფლებს შორის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს, მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა არ არის.
თელავის სახელმწიფო თეატრში ცოტა მაყურებელი დადის, რაც მსახიობების აზრით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბრალია.
,,მე მახსოვს პერიოდი, როდესაც თელავის თეატრში ბილეთს ვერ იშოვიდი სპექტაკლზე და საჭირო იყო ,,ჩაწყობა’’. ახლა ეს ძალიან გაჭირდა.
მაყურებელმა იკლო და ფაქტიურად ჩვენ გავხდით პრემიერის თეატრი, რადგან პრემიერაზე ივსება, მეორე წარმოდგენაზე ნაკლებია და შემდეგ უკვე არის საწვალებელი რომ მოვიდნენ და დაესწრონ’’,- განაცხადა თელავის თეატრის მსახიობმა თემურ ხუნაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარეულმა აიპ ორგანიზაცია ,,კულტურის ცენტრმა’’ 2018 წელს ღონისძიებებზე 195 478 ლარი დახარჯა, 2019 წელს კი ამ კუთხით 94 135 ლარია დახარჯული.
თელავის მერიის კულტურის სამსახურმა 2018 წელს ახალგაზრდულ ღონისძიებებში 44 000 ლარზე მეტი დახარჯა, 2019 გეგმით კი გათვალისწინებულია კულტურულ ღონისძიებებზე 70 000 ლარის და ახალგაზრდულ ღონისძიებებში 51 000 ლარის დახარჯვა.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ფიქრია ყუშიტაშვილი ამბობს, რომ პრობლემებს ხედავს თუმცა ჯერ არ აქვს ინფორმაცია რა კონკრეტული გეგმა აქვს მერიას მათ გადასაჭრელად.
,,თელავის მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს, რომ ყველა სფერო ხელოვნების და კულტურისა მეტნაკლებად თანაბარწილად განავითაროს და მიუხედავად არც თუ ისეთი ფუფუნებისა ბიუჯეტური თვალსაზრისით, ვცდილობთ რომ არცერთი სფერო არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.
გვაქვს ჩაფიქრებული არაერთი პროექტი, რომელსაც 2020 წელს გავითვალისწინებთ ბიუჯეტში. უკვე მოგმართეს ახალგაზრდებმაც ძალიან საინტერესო ინიციატივებით და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივები ასახვას პოვებს მომავალი წლის ბიუჯეტში’’,– განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
ახალგაზრდების თქმით, მერიამ პრობლემების მოგვარებაზე, ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული მეტი ღონისძიებების ჩატარებასა და მათთან ინფორმაციის სწორად მიტანაზე აქტიურად უნდა იმუშავოს.