ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში უბნის ექიმი სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაზე საუბრობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორიის თანამშრომელი, უბნის ექიმი ელმირა ბეციაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზად პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმას ასახელებენ, თუმცა თავად ამ ბრალდებას არ ეთანხმება და კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

ელმირა ბეციაშვილი აღნიშნავს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. აღნიშნული განცხადება მან პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის რაიონულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, ბრიფინგზე წარმოადგინა ხმოვანი ჩანაწერი, სადაც კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ელმირა ბეციაშვილს პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებს.

,,2016 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ. ეს პოლიტიკური აქტივობა ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო. ნახეს, რომ ყველა არჩევნებზე შემიძლია ხმების მობილიზება, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი თავიდან მოშორება. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი კი, პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ამ პარტიაში არ უნდა ვიყო”,- განაცხადა ბრიფინგზე ელმირა ბეციაშვილმა.

აღნიშნული პირის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ,,ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველიც.  მისი თქმით, სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაატოვებინეს სამსახური ელმირა ბეციაშვილს.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის, ჯემალ ბაღათრიშვილის თქმით, ელმირა ბეციაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, არამედ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაა.

,,სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ ორ მოქალაქეს არ მოემსახურა და მათ უჩივლეს ჯანდაცვის სამინისტროში. პოლიტიკურ საქმიანობას რაც შეეხება, ვთხოვე, რომ ამისთვის სამსახური არ გამოეყენებინა. თავისუფალ დროს ვერავინ ვერაფერს აუკრძალავს. ეს საუბარი ჩვენს შორის, გასულ წელს შედგა. თუ არ ეთანხმება განთავისუფლებას, სასამართლოს მიმართოს”,- განაცხადა ჯემალ ბაღათრიშვილმა.

ელმირა ბეციაშვილის განცხადებით. ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.