ახალი ამბებისტატიები

ახალგაზრდა ხელოვანი გურჯაანიდან, რომელიც მეორადი ნივთებისგან ქანდაკებებს ქმნის

ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ვაჟა ფურცელაძე მეორადი ნივთებისგან სხვადასხვა სახის ქანდაკებას ამზადებს. ვაჟა თავდაპირველად ხატავდა, თუმცა შემდეგ სკულპტურების შექმნა დაიწყო.

მან პირველი ნამუშევარი მე-9 კლასში შექმნა და იმდენად მოეწონა ეს საქმე, რომ გადაწყვიტა მისი ჰობი გამხდარიყო.

,,ჩემს ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი ტექნიკურ საგნებსა და ასტრონომიას უკავია. ეს კი სამყაროს განსხვავებულად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს. ხელოვნება მიყვარს იმიტომ რომ ის შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი შთაბეჭდილებები სრულყოფილად გამოვხატო და შევქმნა რაღაც ახალი, კომპლექსური, შთამბეჭდავი და განსაკუთრებული.

ერთდროულად ხელოვნების რამდენიმე განხრას მივყვები და საბოლოოდ ყოველივეს ერთად თავმოყრას ვცდილობ საკუთარ სკულპტურებში. თავიდან მხოლოდ ხატვაში ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თუმცა ყოველთვის გამაჩნდა ძლიერი სწრაფვა რაღაც ნოვატორულისაკენ. საკმარისი იყო ამ სურვილზე მაქსიმალურად კონცენტრირება, რომ ახალი უნარები აღმოვაჩინე: მანამდე გამოუსადეგარი ნივთებისგან პირველი სკულპტურა მე-9 კლასში შევქმენი. ამ უკანასკნელმა მომცა მოტივაცია, რომლის მეშვეობითაც შემეძლო ჩემი უნარები მაქსიმალურად დამეხვეწა და ასევე მომეხდინა მათი ინტეგრირება. შედეგად დავიწყე მოტოციკლების, იარაღების აწყობა. შემდეგ თითქოს საკუთარ შესაძლებლობებს გადავაჭარბე და შევქმენი რობოტის პირველი სკლუპტურა’’,- განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ფურცელაძემ.

ხელოვანმა პირველი მცდელობების შემდეგ უფრო დახვეწილი დიზაინის 4 რობოტი ააწყო. პირველი ნამუშევრების შექმნის შემდეგ ვაჟა ფურცელაძემ გადაწყვიტა ნამდვილი სკულპტურების დამზადება და მცდელობამ გაამართლა, რადგან მისი შექმნილი ნამუშევარი ყველა დამთვალიერებლის მოწონებას იმსახურებს.

,,რობოტების აწყობისას განსხვავებული უნარებიც ჩავრთე: ხეზე კვეთა, მჭედლობა და სხვა. შემდგომში ვაკეთებდი რეკვიზიტებს ფილმებიდან, მინიმალისტურ იარაღებს, ხომალდებს, სუვენირებს და საბოლოოდ მივაღწიე ჩემი შესაძლებობების ახალ საფეხურს. მინდოდა ამეწყო ნამდვილი ქანდაკება, სადაც უკვე საჭირო გახდა ტექნიკური ცოდნის გამოყენებაც.

ქანდაკებას იაპონელი მეომარი, სამურაი უნდა განესახიერებინა. მსგავსი ჩანაფიქრი ჩემთვის ნამდვილად დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, ვინაიდან იგი უდიდეს ენერგიას, აზროვნებასა და წინდახედულობას მოითხოვდა.

ზოგადად სკულპტურების აწყობისთვის ერთ კვირაზე მეტი არასდროს დამჭირვებია, თუმცა ამ მასშტაბურმა პროექტმა, რომლის შექმნასაც, ჩვეულებისამებრ, არასტანდარტული მასალისგან ვაპირებდი და ზომებით ადამიანს უტოლდებოდა, თითქმის ორი თვე გასტანა. აწყობის პროცესი მეტად საინტერესო და სასიამოვნო იყო, რადგან ქანდაკების თითოეულ დეტალს, ჩექმით დაწყებული და ჩაფხუტით დამთავრებული, დიდი გულისყურითა და მოთმინებით ვქმნიდი.

ასევე ძირითადი მასალა, მუყაო, მატერია და ხე ფართო არჩევანს მაძლევდა მეომრის აბჯრის ვიზუალის შერჩევაში, რამაც განაპირობა ქანდაკების მომხიბლაობა’’,- ამბობს ვაჟა ფურცელაძე.

ხელოვანი ამბობს, რომ თითქმის სამი წელია გასული პირველი სკულპტურის შექმნიდან და ამ დროის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა მისმა საქმიანობამ.

,,უკვე გამოფენებშიც დავიწყე მონაწილეობა. რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშვრები ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა. სამურაის შექმნამდე უკვე მქონდა 50-მდე სხვადასხვა ტიპისა და ზომის ნაშრომი, რამაც გამიადვილა, მნახველისთვის სრულყოფილად დამენახებინა ჩემი შემოქმედებითი სამყარო.

სამომავლოდ ვგეგმავ, ჩემი შემოქმედებითი გარემოს განვითარებასა და გაფართებას. ასევე დასახული მაქვს მასშტაბური გეგმა: შევქმნა რობოტების, სანტრანსპორტო საშუალებების, ხომალდებისა და არქიტექტურული ნაგებობების ვიზუალური დიზაინი.

ვიმედოვნებ, რომ ამის განსახორციელებაშიც, არსებული გამოცდილება დიდ დახმარებას გამიწევს. რაც შეეხება პროფესიას, მსურს ვიზუალური დიზაინის ან ინჟინერიის რომელიმე მიმართულებას გავყვე.’’