თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ გამოჩენილი მუსიკოსები, პიანისტი ელისო ვირსალაძე და ჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, ასევე საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
ფესტივალის ფარგლებში სულ 7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი და პროექტი “საუბრები მუსიკაზე” გაიმართა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ქება ვაზისა” ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა, რომელიც 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში ყოველწლიურად იმართება.