ახალი ამბები

გია ჟორჟოლიანი მრავალმანდატიან ოლქებში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების ინიციატივით გამოდის

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში ამოქმედდეს.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემის შემოღება ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში და მეორე მხრივ, რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპს შეინარჩუნებს, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, იცოდეს კონკრეტული პიროვნებები, ვის აძლევს ხმას.

„პროპორციული სისტემის დანერგვას გარკვეული რისკები გააჩნია. პროპორციული წარმომადგენლობა ასუსტებს კავშირს ამომრჩეველსა და წარმომადგენელს შორის, ასევე ასუსტებს დეპუტატის პერსონალურ პასუხისმგელობას

მრავალმანდატიან ოლქებში პროპორციული საარჩევნო სისტემით თითოეული ოლქისთვის განისაზღვრება მანდატების შესაბამისი ოდენობა იმის  მიხედვით,  რა რაოდენობის ამომრჩეველია რეგისტრირებული ამა თუ იმ ოლქში.

ამავდროულად ე.წ. საკომპენსაციო სიები იქმნება, რომელიც უზრუნველყოფს გაუნაწილებელი მანდატების არსებობის შემთხვევაში განაწილებას პარტიებს შორის, რათა არ მოხდეს პარტიის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების დაკარგვა.

სწორედ ეს სისტემაა ყველაზე ეფექტიანი და მდგრადი საარჩევნო სისტემა, რადგან გარდა იმისა, რომ ის უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მხარდაჭერის პროპორციულ გამოხატვას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს რეგიონების რეპრეზენტაციასაც“, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.