მედიაკოალიცია ჟურნალისტებს ზიანის ანაზღაურების მიზნით უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საპროტესტო აქციის დაშლისას მედიის წარმომადგენლების დაზიანებას ეხმაურება.
ორგანიზაციის წევრები უარყოფითად აფასებენ სახელმწიფოს მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების და ჟურნალისტების დაზიანების ფაქტებს.
,,უარყოფითად ვაფასებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. რასაც მოჰყვა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების მნიშვნელოვანი დაზიანება.
ჩვენი ინფორმაციით, დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა:
აქციის გაშუქებისას “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. დაშავდა ამავე არხის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, რომელიც წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო.
აქციის გაშუქებისას ასევე დაშავდა „რადიო თავისუფლების“ ორი გადამღები ჯგუფი. წყლის ჭავლმა დააზიანა მედიასაშუალების კამერა.
ფოტოკამერა დაუზიანდა OC MEDIA-ს თანადამფუძნებელ, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მის კამერას სავარაუდოდ ქვა მოხვდა.
ტექნიკა დაუზიანდა “რუსთავი 2-საც”. მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმაც.
წყლის ჭავლისგან მობილური ტელეფონი დაუზიანდა „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ ცაავას. წყლის ჭავლის დამიზნებით სროლაზე საუბრობს ჟურნალისტი გიგა აბულაძე, რომელიც ასევე დაშავდა მუშაობის პროცესში. როგორც იგი ამბობს, აქვს თვალების წვის შეგრძნება და ცრემლდენა.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებას, ამასთან განსაკუთრებული ვალდებულებაა არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს მომხდარი მოვლენების გამო უნდა დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ამასთანავე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოხატავს მზადყოფნას ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.