თუშეთის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა
დღეს, დილის 06:00 საათიდან, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე, გადაიკეტა.
როგორც “კახეთის ხმას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.
„იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა, 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს.
ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს სავრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.
დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოებიც დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება.
მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნის დარჩებიან პოლიციის და სამაშველო ჯგუფები”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი