ახალი ამბები

ქსოვისა და თელვის ოსტატი სოფელ ომალოდან

ქსოვისა და თელვის ოსტატი მანანა თავბერიძე წარმოშობით ომალოდანაა.

მისი სახელოსნო „ჯანგარო“ მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში.
ხელოვანის თქმით, სწორედ იმ გარემომ და ბუნებამ სადაც გაიზარდა, დიდი როლი ითამაშა მისი შემოქმედების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ის პროფესიით მხატვარ-დეკორატორია და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ტრადიციული ხელსაქმე კი დედისგან ისწავლა.
,,6 წლის ასაკში დედამ შემასწავლა წინდების ქსოვა. დროთა განმავლობაში, კი დავეუფლე ნაბდისა და ფარდაგის თელვას, ხოლო აკაზმებზე (საქსოვი დაზგა) დედასთან ერთად დავიწყე ხურჯინების, ჩულების, ფარდაგების, აბგების ქსოვა”,- ამბობს მანანა თავბერიძე.

თითოეულ მის ნამუშევარში ასახულია ის ტრადიციები, ეთნოგრაფია, ისტორია, ბუნება სადაც გაიზარდა.

„გამორჩევით შემიძლია ვთქვა რომ, ნაქსოვებიდან მაქვს თუშური ხურჯინი, რომელიც 1989 წელს მოვქსოვე და სულ თან მაქვს იმიტომ, რომ ზუსტად ისეთი მოვქსოვე, როგორსაც ქსოვდნენ ძველად. თან ძაფი დართულია დედაჩემის ხელით.“-ამბობს ოსტატი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ კარგად ახსოვს როგორ ღებავდნენ თუში ქალები მცენარეების გამოყენებით ძაფებს. მანაც სწორედ ამ გარემოში ისწავლა ღებვა და დღემდე იყენებს ბუნებრივ საღებავებს, რომელიც განსაკუთრებულ ფერებს იძლევა.

„განსაკუთრებით მომწონს ჯანგაროს საღებავი და ამან გადამაწყვეტინა, რომ სახელოსნოსთვის დამერქმია „ჯანგარო“, სწორედ ამ სახელწოდებით მინდა შევინარჩუნო კავშირი ტრადიციასთან“-აღნიშნავს ოსტატი.

მისი თქმით, მასთან ერთად სახელოსნოში საქმიანობს მისი მეუღლე, გია თორღვაიძე, რომელიც მინანქრისა და ხის ოსტატია. იგი ასევე ფლობს თუშური საცხოვრებელი სახლის სიპის ქვით მშენებლობის ტექნოლოგიას და სწორედ მისი აშენებულია 2015 წელს კესელოს ერთ-ერთი ზედა ციხე და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

„ჩვენი ოცნება არის პატარა გალერეა გვქონდეს თუშეთში“-აღნიშნავს მანანა.
ოჯახს სახელოსნოში დასაქმებული ყავს ადგილობრივი ქალბატონები, გარდა ამისა, მოსახელობას მუდმივად აქვს სურვილი მოვიდნენ და შეისწავლონ ტრადიციული ხელსაქმე.

ცოლ-ქმარი ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა თუ პროექტებში. მათ შორის სახელოსნოების I და II საერთაშორისო ფესტივალებზე.

 

წყარო:https://www.facebook.com/craftsworkshopfestival/photos