ირაკლი კობახიძე – პოლიციამ უზრუნველყო 43 თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივნანმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შედეგად ჩატარებული სპეცოპერაცია დადებითად შეაფასა.
„მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით უზრუნველყო 43-ივე მძევლის ეტაპობრივი განთავისუფლება. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია.
სპეცოპერაციის მთავარი მიზანი – 43 მძევლის უვნებლად განთავისუფლება შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იქნეს ბოლომდე მიყვანილი. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება.
ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება.
ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება.
გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები.
არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა, – აღნიშნა კობახიძემ.